მეუფე შიო: სარწმუნოების მეშვეობით იწყებს ადამიანი ცოდვების გამოსწორებას
“საუკუნო სიცოცხლე მიიღწევა სარწმუნოებით, მხოლოდ სარწმუნოების მეშვეობით შეიძლება განჭვრიტოს ადამიანმა, თუ რას ნიშნავს „ზეციდან ჩამოსული ძე ღმერთი“, თუ რა გააკეთა უფალმა იესო ქრისტემ თავისი ჯვარცმით ჩვენთვის”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ მუჯირმა ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე შიომ ჯვართამაღლების დღესასწაულის შესახებ, ასევე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეზე ისაუბრა.
„ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ჯვართამაღლების წინა კვირა და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დალოცვას და ლოცვა-კურთხევას. ჯვართამაღლება, როგორც იცით, ხვალ იქნება, მაგრამ ეს იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომ იგი განსაკუთრებით აღინიშნება. მას წინ უძღვის აი, ეს წინა კვირა დღე, როგორც ასევე დღესასწაული და ჯვართამაღლების შემდეგაც არის მისი შემდგომი კვირა, რომელიც ასევე ეძღვნება ჯვართამაღლების თემას. ჯვართამაღლების წინა დღეს ჩვენი წმინდა ეკლესია ისევ ჯვარზე გვესაუბრება, ქრისტეს ჯვარზე, ქრისტეს ამაღლებაზე, საუკუნო სიცოცხლესა და სარწმუნოებაზე საუბრობს და გვასწავლის, ვინაიდან ეს საუკუნო სიცოცხლე მიიღწევა სარწმუნოებით, მხოლოდ სარწმუნოების მეშვეობით შეიძლება განჭვრიტოს ადამიანმა, თუ რას ნიშნავს „ზეციდან ჩამოსული ძე ღმერთი“, თუ რა გააკეთა უფალმა იესო ქრისტემ თავისი ჯვარცმით ჩვენთვის, არა მარტო ჩვენთვის, არამედ პირადად შენთვის, პირადად ჩემთვის, ეს უნდა გავიაზროთ ყველა ჩვენგანმა. ეს ხდება სარწმუნოებით, სარწმუნოებით შეიყვარებს ადამიანი უფლის მცნებებს, სარწმუნოების მეშვეობით იწყებს იგი ცოდვების გამოსწორებას და მადლმოსილ, მადლიან სულიერ ცხოვრებას.
ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს არის დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენება, ჩვენი დიდი საყვარელი წმინდანის და მფარველის. გილოცავთ ამ დღეს! განსაკუთრებით ვულოცავ ყველა ქეთევანს, უფალმა ინებოს, რომ მისი ლოცვითა და მფარველობით გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა, გააძლიეროს და გადაარჩინოს, ამინ!“, – აღნიშნა მეუფე შიომ.