გიორგი გვარაკიძე: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობიდან და მისგან მომდინარე საფრთხეებიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა ატარებს საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაფუძნებულ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობიდან და მისგან მომდინარე საფრთხეებიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა ატარებს საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაფუძნებულ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, საყურადღებოა, რომ საქართველოში მცხოვრები „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი პირები მიდიან სირიის არაბთა რესპუბლიკაში და ერთიანდებიან მათ რიგებში.
როგორც გენერალურმა პროკურორმა განმარტა, არსებობს ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო მიზნით გამოყენების საფრთხეც.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, 2025 წელს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და მხარდაჭერის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებსა და ტერორისტულ პროპაგანდაში სირიის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ხოლო განაჩენი გამოტანილია 2 პირის მიმართ.
„ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული და მისი იდეოლოგიის მხარდამჭერი 5 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, რომელთაგან ამოღებულია ფეთქებადი ნივთიერება, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ხოლო განაჩენი გამოტანილია 2 პირის მიმართ. გამოვლინდა და დაკავებულია საქართველოში უკანონოდ შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირის გამო საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ.
გლობალური უსაფრთხოებისა და ტერორისტული დანაშაულების პრევენციის მიზნით მეტად მნიშვნელოვანია ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაც. ბირთვულ მასალასთან უკანონო მოპყრობის ფაქტზე 2025 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 5 პირის მიმართ, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 2 პირის მიმართ. დანაშაულის ობიექტი იყო ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი რადიოაქტიური ნივთიერება – ურანი“, – აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.