გიორგი გვარაკიძე: თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემუშავდა აქტივობები, რომელთა განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაძლიერებლად

„საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა. შემუშავდა აქტივობები, რომელთა განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაძლიერებლად“, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გენერალური პროკურორის განცხადებით, ბოლო წლებში თაღლითობის ჩადენის მაჩვენებელი მაღალია და სხვა დანაშაულებს შორის, დევნის დაწყების მაჩვენებლით დანაშაულთა პირველ ათეულში იკავებს ადგილს.

„თაღლითობა კომპლექსური დანაშაულია და მასზე რეაგირებას დრო და სათანადო უნარ-ჩვევები სჭირდება. სწორედ ამიტომ 2025 წლის ბოლოს თბილისის პროკურატურაში შეიქმნა თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო, რომლის კომპეტენციას განეკუთვნება შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალიზებული დანაყოფის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა“, – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.

ანგარიშის წარდგენისას როგორც გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, 2025 წელს თაღლითობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 655 პირის მიმართ. მისი თქმით, არის მოლოდინი რომ თაღლითობის საქმეებზე სპეციალიზაციის დანერგვა და ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა დადებითად აისახება ამ კატეგორიის დანაშაულებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები