თენგიზ შარმანაშვილი – ოპოზიციაზე: რაიმე სერიოზული რომ დაგეგმო პოლიტიკაში, რესურსი უნდა გქონდეს
“რაიმე სერიოზულ ნაბიჯებს მათგან ნამდვილად არ ველი, რაიმე სერიოზული რომ დაგეგმო პოლიტიკაში, რესურსი უნდა გქონდეს”, – ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, ქართველი ხალხის ძირითადი ნაწილი კარგად დარწმუნდა რა ხასიათის პოლიტიკოსები არიან ისინი.
„წინა ეტაპზე ყოველ ორშაბათს გვპირდებოდნენ, რომ შემდეგ ორშაბათს გაგაცნობთ ჩვენს საერთო გეგმასო. გავიდოდა კიდევ ერთი კვირა და შემდეგ ორშაბათს გაგაცნობთო. ვერ გაგვაცნეს დღემდე, ორი თუ სამი წელია. რა თქმა უნდა, ვერაფერ სერიოზულს ისინი ვერ დაგეგმავენ. რაიმე სერიოზული რომ დაგეგმო პოლიტიკაში, რესურსი უნდა გქონდეს. მატერიალურს არ ვგულისხმობ, მთავარი რესურსი არის შენი მოსახლეობის მხარდაჭერა. გნებავთ რევოლუცია დაგეგმე, გნებავთ არჩევნებში გამარჯვება დაგეგმე, ბოლო ბოლო ყველაფერი მიდის ხალხის მხარდაჭერასთან. ყველა დარწმუნდა, რომ ამნაირი ხასიათის პოლიტიკოსებს მხარდაჭერა ვერ ექნება. ყველა არჩევნებში დამარცხდნენ. რევოლუციის ხუთი მცდელობა ჰქონდათ, სერიოზულად ამის აგორება ვერ შეძლეს. რატომ? – იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ძირითადი ნაწილი კარგად დარწმუნდა რა ხასიათის პოლიტიკოსები არიან ისინი, რომ მათი პოლიტიკა თბილისში არ გამოიჭედება და უცხო ქვეყნის დაკვეთების შემსრულებლები არიან. ეს მხარდაჭერა არასდროს ჰქონიათ არც არჩევნებში და არც ქუჩის გამოსვლებში. ასე, რომ რაიმე სერიოზულ ნაბიჯებს მათგან ნამდვილად არ ველი“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.