გიორგი გვარაკიძე: ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში კიბერდანაშაული სამართალდამცავი ორგანოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა

ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში კიბერდანაშაული სამართალდამცავი ორგანოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გენერალური პროკურორის თქმით, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ კიბერდანაშაულის ჩასადენად სულ უფრო ხშირად გამოიყენება ტექნოლოგიურად დახვეწილი და კომპლექსური მეთოდები. მისივე განმარტებით, კიბერდამნაშავეები ხშირ შემთხვევაში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების სახით მოქმედებენ, ხოლო დანაშაულებრივი კვალის დაფარვის მექანიზმები მუდმივად იხვეწება.

„მიღებულ სარგებელს დამნაშავეები სულ უფრო ხშირად ვირტუალურ აქტივებად აკონვერტირებენ, რაც ართულებს დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებას, ნიღბავს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების წარმომავლობას და მნიშვნელოვნად აფერხებს მათი გადაადგილებისა და გამოყენების კვალის დადგენას“, – აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.

ანგარიშის წარდგენისას, გენერალურმა პროკურორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კიბერდანაშაულთან ბრძოლის პროცესში პროფესიონალთა კვალიფიკაციის მნიშვნელობაზე. მისივე თქმით, აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს პროკურატურა აქტიურად და წარმატებით თანამშრომლობდა ვირტუალური აქტივების სერვის-პროვაიდერებთან, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის უწყებათაშორის ქსელებთან, რაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის სწრაფად და ეფექტიანად მოპოვებას უწყობდა ხელს.

„2025 წელს, ბოლო ხუთ წელთან შედარებით, კიბერდანაშაულის ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და 246 პირს შეეხო. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიბერდანაშაულისთვის მსჯავრდადებულ პირებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დაახლოებით 3 780 000 ლარის ეკვივალენტი ფულადი თანხა და 122 200 ლარის ღირებულების ვირტუალური აქტივი“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები