არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი: ყველამ ვიცოდით, რომ ყოველთვის გვისმენდნენ

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ამბობს, რომ, ვისი მხრიდანაც  უნდა იყოს, სასულიერო პირების მოსმენა საზოგადოებაში უიმედობის განცდას ბადებს.

მისივე თქმით, ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება მარტივად ხდება, რაც ცუდია.

„მინდა, მჯეროდეს გამოძიების, ალბათ, დროთა განმავლობაში გამოჩნდება, რა სახით გაგრძელდება. სწორად წარიმართება თუ არა, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. ვფიქრობ, საპატრიარქომაც გამოაქვეყნა პოზიცია. პირადად მე, უფრო სწორად, ყველამ ვიცოდით, რომ ყოველთვის გვისმენდნენ. რამდენიც არ უნდა აპროტესტო ადამიანმა ეს ყველაფერი, ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ არ მჯერა, მომავალში ვინმე არ მომისმენს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასეთი შეგრძნება მაქვს. არ მქონია შეგრძნება, როდისმე არ მისმენდნენ.

არ აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფო სტრუქტურა გისმენს თუ სხვა ადამიანი, რადგან დღევანდელ დღეს ძალიან მარტივად ხდება სოციალური ქსელების გატეხა, სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს, ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ცუდია, ნიჰილიზმს, უიმედობას იწვევს. ამხელა დარტყმა ეკლესიაზე თავისთავად გამოიწვევს ადამიანებში რაღაც ღმერთთან დამოკიდებულების შეცვლას, რომ აი, თუკი ასე ხდება ყველაფერი, მაშინ სად არის ღმერთი“, – განაცხადა იოანე მჭედლიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები