„ფაქტი ერთია – უკვე აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე ავიდა ჩვენი სპეცსამსახურების შესაძლებლობები” – თენგიზ შარმანაშვილი
„ფაქტი ერთია – უკვე აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე ავიდა ჩვენი სპეცსამსახურების შესაძლებლობები”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი „დღის ქრონიკაში“ აცხადებს.
კერძოდ, ის პარიზის მიერ საქართველოდან საფრანგეთის დაზვერვის აგენტების გაწვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
“ძალიან ბევრი რამ კონტროლს ექვემდებარება და, რა თქმა უნდა, უყურადღებოდ არ დარჩება ჯაშუშური საქმიანობის არცერთი ფაქტი, რომელიც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული.
ამავე დროს, პოლიტიკური ნებაც არის მომწიფებული, იმისთვის რომ თუ ზოგიერთი ქვეყანა არ შეანელებს თავისი სპეცსამსახურების საქმიანობას ჯაშუშების გადაბირების ან მსგავსი სპეციალური ოპერაციების სახით, საქართველო უფრო გადამჭრელ ზომებს მიიღებს. ეს არის მთავარი გზავნილი და ალბათ შეისმენს მომავალში ის, ვინც უნდა შეისმინოს“, – ამბობს შარმანაშვილი.
შეგახსენებთ, ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია.