ევროპული ქვეყნები რუსი ტურისტებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრებას მოითხოვენ

თერთმეტი ევროპული ქვეყანა ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეებისთვის შესვლის წესების გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა.

Politico-ს ცნობით, შესაბამისი წერილი გაეგზავნა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს და ევროკომისარს შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერს.

ინიციატივას მხარდამჭერ ქვეყნებს შორის არიან ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, შვედეთი, ასევე ისლანდია და ნორვეგია. მიმართვის ავტორებმა ევროკომისიას მოუწოდეს, გადახედოს რუსეთის მიმართ სავიზო პოლიტიკას და გაამკაცროს არსებული შეზღუდვები.

გამოცემის ცნობით, ქვეყნებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსებისთვის გაცემული შენგენის ვიზების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა 2024 წელს 565 719 ვიზა მიიღეს, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 623 451-მდე გაიზარდა. რუსებისთვის ყველაზე მეტი ვიზა საფრანგეთმა, იტალიამ და ესპანეთმა გასცეს.

ორმა ევროპელმა დიპლომატმა Politico-ს განუცხადა, რომ საკითხი ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საბჭოს სხდომაზე დაისმება. თუ ის საკმარის მხარდაჭერას მიიღებს, წინადადება შესაძლოა დაჩქარებული წესით განიხილონ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე.

ამავდროულად, ევროკავშირის რიგი ქვეყნები არ უჭერენ მხარს ინიციატივას. ერთ-ერთმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ გაცემული ვიზების რაოდენობის ზრდა არ მიუთითებს სავიზო პოლიტიკის შემსუბუქებაზე, არამედ განპირობებულია ცალკეული სახელმწიფოების მიერ განაცხადების დამუშავების ადმინისტრაციული შესაძლებლობების ზრდით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები