“თურქეთის ელჩმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მზაობა გამოხატა” – პაპუაშვილი
“თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გავმართე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე წერს.
როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მეგობრულ, სტრატეგიულ ურთიერთობას.
“განსაკუთრებით აღვნიშნე საქართველოსა და თურქეთის პარლამენტებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები როგორც სპიკერების, ასევე, მეგობრობის ჯგუფებისა და კომიტეტების დონეზე.
თურქეთის ელჩმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მზაობა გამოხატა.
განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მიმდინარე და მომავალი საკითხები, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესები და საერთაშორისო ვითარება. ვისაუბრეთ საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირის ქვეყნებთან. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საქართველოს მიერ სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის გატარების საკითხებს.
შევთანხმდით მჭიდრო ურთიერთობების სამომავლო განვითარებაზე. მუსტაფა თურქერ არის წარმატება ვუსურვე მის საპასუხისმგებლო დიპლომატიურ მისიაში”, – წერს პაპუაშვილი.