ბექა ლილუაშვილი – მივმართავთ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, მორჩით პოლიტიკურ თაღლითობას, გეყოთ სახელმწიფოსა და მოქალაქეების ბედით თამაში​

ხელისუფლებამ გვითხრა, რომ სახელმწიფოს ინტერესები, ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქის მომავალი განისაზღვრება არა დემოკრატიული პროცესებით და მოქალაქეთა ნებით, არამედ მმართველი პარტიის ნება-სურვილით, – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.

ბექა ლილუაშვილი პარტიის სახელით „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, დაასრულონ პოლიტიკური თაღლითობა, სახელმწიფოსა და მოქალაქეების ბედით თამაში​
„მმართველმა პარტიამ გვამცნო, რომ თურმე, მათთვის მთავარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას თავისუფლება.
მთავარია, სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმში ბრალდებული ადამიანი მერობის კანდიდატია, რითაც არჩევნებისთვის მტრის ხატი შექმნილია, ხოლო სხვა საჭიროებას თურმე ხელისუფლება 19 აპრილის შეთანხმებაში ვერ ხედავს. ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი აღიარება, რომ უკიდურესად შეშინებული არიან. თავის მხრივ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაადასტურა, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რადგან ეს მმართველ პარტიას აწყობდა და სჭირდებოდა საფუძვლად, რომ შეთანხმება ანულირებულად გამოეცხადებინა. ამ პოლიტიკურ თაღლითობას შიდაპარტიული კვლევების მათთვის დრამატულ შედეგებს უპირისპირებენ – რეალობას, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ რეიტინგი უფრო იზრდება. ამ რეალობით გამოწვეული შიშის საპირწონედ ორივე მხარე საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს. პარტია „საქართველოსთვის“ ვეუბნებით „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ დღეს თქვენ საერთო ინტერესებით მოქმედებთ, მორჩით პოლიტიკურ თაღლითობას, გეყოთ სახელმწიფოს და მოქალაქეების ბედით თამაში“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.
ამასთან, კობახიძის თქმით, მზად არიან, რიგგარეშე არჩევნები არა 43 პროცენტის, არამედ ხმების 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დანიშნონ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოიკითხავენ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები