“ვისთანაც კონტაქტი მქონდა თვითიზოლაციაშია” – გახარიას თანაგუნდელი კორონავირუსის დადასტურებაზე კომენტარს აკეთებს

მედიაჰოლდინგ “კვირას” მიერ ექსკლუზიური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომელიც პარტია “საქართველოსთვის” წევრის კოვიდ 19-ით დაინფიცირებას ეხებოდა, რასაც წინ მოსახლეობასთან შეხვედრები უძღვოდა, პარტია “საქართველოსთვის” აჭარის ორგანიზაციის წევრი, ალექსანდრე დავითაძე დაგვიკავშირდა.

მან “კვირას” კოვიდინფიცირების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა უარყო ის ფაქტი, რომ პარტიის შეხვედრებს ესწრებოდა.

მისი თქმით, ყველა მასთან კონტაქტში მყოფ პირს PCR ტესტი გაუკეთდა და თვითიზოლაციაშია გადასული. თუმცა დღეს პარტიის წევრები, მათ შორის ექსპრემიერიც, რომელთანაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა ალეკო დავითაძეს შეხვედრებს აგრძელებენ.

“კი, დამიდასტურდა, თუმცა შეხვედრებზე, ოფისის გახსნებზე და ასეთ აქტივობებზე არ ვყოფილვარ. მხოლოდ განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვიყავი, სადაც ფოტოებშიც ჩანს რომ 3-4 მეტრიანი დისტანციაა. ვისთანაც კონტაქტი მქონდა ყველა თვითიზოლაციაშია გადასული და PCR ტესტების პასუხებს ელოდებიან. მე თვითონ თავს ჯერჯერობით კარგად ვგრძნობ”, – განუცხადა “კვირას” ალექსანდრე დავითაძემ.

აღსანიშნავია, რომ გახარიას გუნდის წევრი არა მხოლოდ 24 ივლისს გამართულ შეხვედრას, არამედ, როგორც პარტიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, გუშინ მეზღვაურებთან გამართულ შეხვედრასაც ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ “კვირა” დილიდან ცდილობდა ალექსანდრე დავითაძესთან ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა მას შემდეგ რაც გაიგო რომ ჟურნალისტი უკავშირდებოდა, კონტაქტზე გამოსვლა არ ისურვა და მხოლოდ მასალის გავრცელების შემდეგ დაგვიკავშირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები