რა რეკომენდაციებს გასცემს პარლამენტი ყველა მომავალი არჩევნების უფრო მეტად უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად

საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგებთან დაკავშირებულ დადგენილებაში იმ რეკომენდაციებზეცაა საუბარი, რომლებიც კანონმდებლებმა არჩევნების უფრო მეტად უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად შეიმუშავეს.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, აუცილებელია, რომ არჩევნებში ჩართულმა ყველა სუბიექტმა პასუხისმგებლობა პირნათლად შეასრულოს.

“ა) მიზანშეწონილია, არჩევნებში ჩართულმა ყველა სუბიექტმა საარჩევნო პროცესის შეფასებისას მხედველობაში უნდა მიიღოს ყველა არსებითი გარემოება, გამოიჩინოს სიფრთხილე და თავი შეიკავოს საარჩევნო პროცესის შესახებ უსაფუძვლო და ნაჩქარევი დასკვნების გასაჯაროებისგან.

ბ) მიზანშეწონილია, არჩევნებში ჩართულმა ყველა სუბიექტმა უზრუნველყოს საზოგადოებისათვის არჩევნების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, დასკვნებსა და ანგარიშებში ასახოს ობიექტური და დადასტურებული ინფორმაცია, აგრეთვე არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც შესაძლოა აღქმული იყოს რომელიმე პარტიის თუ საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან სააწინააღმდეგო ქმედებად.

გ) მიზანშეწონილია, დაიხვეწოს არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნებთან დაკავშირებული სადამკვირვებლო საქმიანობის ამსახველი ანგარიშის სტანდარტი.

დ) ცესკომ უნდა განახორციელოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების სათანადო გადამზადება.

ე) აუცილებელია, შესაბამისმა ორგანოებმა აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები განახორციელონ და გამოძიება შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაასრულონ”, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები