პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული, ჩატარებული ძირითადი თავისუფლებების დაცვით
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დადგენილებას აქვეყნებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები კანონმდებლობის სრული შესაბამისობით ჩატარდა და გამოვლენილ მცირე ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე რაიმე სახის გავლენა არ მოუხდენია.
“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში ყველა შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საკითხების მოძიების, გაანალიზებისა და დამუშავების შედეგად დადასტურდა ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული, ჩატარებული ძირითადი თავისუფლებების დაცვით. დადასტურდა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკომ უზრუნველყო კოვიდუსაფრთხო გარემო საარჩევნო უბნებზე, ხოლო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა მიერ გამოხატული თავისუფალი ნება პროპორციულად აისახა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ოქმში”, – წერია დოკუმენტში.