დავით სერგეენკო: ვინც ცესკო-ს გაჰკარებია, ყველას მიმართ უნდობლობა არალოგიკურია, თავმჯდომარის არჩევის პროცესში ოპოზიციამ მონაწილეობა უნდა მიიღოს
“ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებაში”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესში ოპოზიციამ მონაწილეობა უნდა მიიღოს.
„ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებაში. ამ შეთანხმების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარეს აქვს ხმების ძალიან მაღალი პროცენტი მისაღები და ამ პროცესში ოპოზიციამ მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს, ისეთი პოზის დაჭერა, რომ ხმას არ მივცემთ და ვინც არ უნდა იყოს, მხოლოდ ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი იქნება, არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა. მათ საკუთარი არგუმენტები უნდა თქვან და პროცესში მონაწილეობა მიიღონ. ცესკო-ს მიმართ, როგორც ინსტიტუციის მიმართ უნდობლობა უკვე ზედმეტია. მისი ყოფილი თავმჯდომარის მიმართ უნდობლობა აგრესიული ფორმით გამოხატეს და ამ ადამიანმა თანამდებობა დატოვა. ვინც კი ცესკო-ს გაჰკარებია, ყველას მიმართ უნდობლობა არალოგიკურია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს დღეს კიდევ ერთხელ უყრის კენჭს.