“ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ჩემი და 350 ოჯახის წინააღმდეგ დევნასა და შანტაჟს ახორციელებს” – ლელა რაზიკაშვილი

ამხანაგობა “ოლიმპიური ვარსკვლავის” დამფუძნებელი  წევრის,  ლელა რაზიკაშვილის განცხადებით,  ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი პირადად მისი და ამხანაგობის წევრი 350 ოჯახის მიმართ დევნასა და შანტაჟს ახორციელებს.  ამის შესახებ რაზიკაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რაზიკაშვილი პროკურატურას მიმართავს.

“მოგმართავთ საქართველოს პროკურატურასა და ქართულ საზოგადოებას იმ დევნის, ცილისწამებისა და შანტაჟის თაობაზე, რასაც ადვოკატი ხატიაშვილი  პირადად ჩემს და 350 ოჯახის,  ,,ოლიმპიური ვარსკვლავის“ წინააღმდეგ, სოლიდური გასამრჯელოს ფასად და ამხანაგობისთვის სავარაუდოდ წართმეული  ქონებიდან წილის მიღების მიზნით  ახორციელებს. ის ამ მიზნით  სასამართლოში დავობს და იქ წარუმატებელი სვლების გამო  ქუჩიდან გვაშანტაჟებს”, – განაცხადა რაზიკაშვილმა.

მისივე თქმით, ამხანაგობის რამდენიმე წევრს მშენებარე ობიექტიდან ფართების მიტაცება სურს, მათი ადვოკატი კი ზაზა ხატიაშვილია.

“ეს ბრძოლა ,,ოლიმპიური ვარსკვლავის“ რამდენიმე წევრის მხრიდან,  ,,ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებარე ობიექტის მისატაცებლად  წლების მანძილზე მიმდინარეობს. წლებია, ისინი მიმართავენ შანტაჟს იმის მისაღებად,  რაც  ვერც ძალით, ვერც კანონით ვერ წაიღეს.  მათ დაკარგეს ყველა დაზარალებულის მხარდაჭერა, რადგან ყველამ, 350  დაზარალებული ოჯახიდან კარგად იცის, რომ ეს ხალხი იბრძვის არა სიმართლისთვის, არამედ – სხვისი ქონების მისატაცებლად. მათ წინააღმდეგ ამხანაგობის დაზარალებული წევრების ხელმოწერით შესულია საერთო საჩივარი პროკურატურაში და მიმდინარეობს  გამოძიება.

ბოლო ხანს აღნიშნულმა ჯგუფმა დაიქირავა ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი, რომელმაც  ხსენებულ შანტაჟს ახალი გასაქანი მისცა. კაცი, რომლიც ამტკიცებს, რომ დაზარალებულების ინტერესებს იცავს, დღეს არის მთავარი პრობლემა დაზარალებულებისთვის, ხელშეკრულების მიღმა დამატებითი ქონების მიღების მიზნით, ხატიაშვილმა  50- მდე დაზარალებულის ქონება დააყადაღა. მესამე თვეა, სასამართლოს წესით  ვიბრძვით იმისთვის, რომ  ხატიაშვილის მიერ დაყადაღებული ქონების გათავისუფლება და დაზარალებისთვის მათი კუთვნილი ქონების გადაცემა  შევძლოთ. სასამართლოს გადაწყვეტილებით,  მოვიგეთ 2 ეტაპი და მას მერე, რაც ბატონმა ხატიაშილმა, რომელიც დაზარალებულებისთვის წართმეული ქონებიდან გასამრჯელოდ სოლიდურ პროცენტს ელოდება, დაინახა, რომ აქაც აგებს, მიმართა ისევ შანტაჟისა და ტყუილების გზას, სავარაუდოდ, იმ მიზნით, რომ მე მას გაჩუმებისა და მორიგების მიზნით დამატებით ქონებას შევთავაზებ”, – განაცხადა რაზიკაშვილმა.

ლელა რაზიკაშვილის თქმით, ადვოკატი ზაზა  ხატიაშვილი მის შესახებ ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებს.

“გასაგებია, რომ ხატიაშვილი ამ სიბინძურისგან ელოდება  მატერიალურ სიკეთეს და მისი საქციელი უღირს ამად, მაგრამ იმ  მასშტაბის ტყუილებს, იმ მასშტაბის სიბინძურეს,  რასაც ეს ადამიანი და მისი ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის ნასამართლები დამქირავებელი  პერიოდულად საინფორმაციო სივრციდან ღვრიან,  პასუხი  უნდა გაეცეს. ჩემი პასუხი კი  მხოლოდ ფაქტები   იქნება.

მე და ჩემმა გუნდმა, სახელმწიფოს მხარდაჭერით, შევძელით და  წლების წინ რეპრესიების შედეგად გაჩერებული მშენებლობა  ავამუშავეთ. დღეს ობიექტზე სამუშაოები მიმდინარეობს და ამხანაგობის წევრები  თავიანთ ქონებას ირეგისტრირებენ.  თუ ვინმე დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ქონების  ან ყურადღების გარეშე დატოვეს,   ეს გამიზნული ტყუილი იქნება.

ამხანაგობის ყველა  წევრს, მათ შორის, მათაც, იმ თითებზე ჩამოსათვლელ ადამიანებს,  ვინც აქციებზე იკრიბება,  თავიანთი ქონება დარეგისტრირებული აქვთ და მათ ქონებას არავინ შეხებია. თუ რომელიმე მათგანის რეგისტრაცია გაჭიანურდა, ეს მხოლოდ ხატიაშვილის ბრალია, რადგან მათზე გადასაცემ ქონებას  ხატიაშვილის ყადაღა ადევს. ყველას შეუძლია, ეს  რეალობა საჯარო რეესტრსა   და ჩვენ მიერ სასამართოლში წარდგენილ დოკუმენტაციაში იხილოს.   ეს ძალიან მარტივად გამოსააშკარავებელი ტყუილია.

ყველაზე სამარცხვინო ტყუილი ამ ტექნოლოგიური საჯაროობის პირობებში არის ის, რომ,  თურმე,  მე 5 მილიონის ქონება გადამიფორმებია. ნებისმიერს შეუძლია, შეიხედოს საჯარო რეესტრში და ნახოს,  რომ ხატიაშვილი ამბობს ტყუილს და არც რცხვენია,  რადგან მისთვის ეს, როგორც ჩანს,  ჩვეულებრივი თავშესაქცევია.

უსინდისო ტყუილია ისიც, რომ მე,  თითქოს,  ვინმეს ქონება მივითვისე.  ყველა დაზარალებულს  თავისი კუთვნილი, თავისი დაფიქსირებული ლოკაცია აქვს და თუ ვინმე რეესტრში ვერ ახერხებს რეგისტრაციას, ეს მხოლოდ ხატიაშვილის მიზეზით. მე რაც შემეხება, მას მერე, რაც  ამხანაგობის ყველა  წევრს  მონიშნული აქვს თავისი კუთვნილი, მე  ჩემი კუთვნილის მიღების უფლებას, ჩემ მიერ  შენატან თანხასა   და გაწეულ შრომაში კანონი მაძლევს და რამდენიც  უნდა იშანტაჟოს ხატიაშვილმა, ვერაფერს გამომძალავს.

არავის მფარველობა მე არ მჭირდება, ჩემი მფარველი  კანონი და სიმართლეა, სწორედ ამიტომ ვერ მიიღებს შედეგს ტყუილის გამავრცელებელი. ეს კარგად იცის თავად ხატიაშვილმა და აქციების სახით მისი მოწყობილი ცირკი   მხოლოდ ჩემს დაშანტაჟებასა და საკუთარი კლიენტების მოტყუებას ემსახურება.

ხატიაშვილის, როგორც ადვოკატს, აქვს უფლება, საკუთარი შემოსავლისთვის აიღოს ნებისმიერი საქმე, რას იკადრებს ამ შემოსავლისთვის ეს მისი პროფესიული და ადამიანური სინდისის საქმეა, მაგრამ რამდენად აქვს უფლება მას, როგორც პოლიტიკოსს, საკუთარი საშოვრისვის  პოლიტიკური პარტიის პლატფორმიდან იბრძოლოს,  ამაზე პასუხი მისმა მოძრაობამ უნდა გასცეს! კაცი მერობის კანდიდატად გამოგვეცხადა და პირველივე ნაბიჯებზე პოლიტიკას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს, ადვილი წარმოსადგენია,  რას იზამს, მართლა რომ რაიმე სახის ძალაუფლებას მიაღწიოს”, – განაცხადა რაზიკაშვილმა.

მისივე თქმით, ამჟამად, ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც რაზიკაშვილმა განაცხადა, ათობით დაზარალებულს  საკუთარი ქონების გაფორმების უფლებას ხატიაშვილის სარჩელი უზღუდავს.

“ყველა თავის ქონებას იღებს. ყველაზე მთავარი პრობლემა ობიექტზე ხატიაშვილის მიერ შეტანილი სარჩელია, რითაც ათობით დაზარალებულს  საკუთარი ქონების გაფორმების უფლება შეეზღუდა. სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა და იტყვის მომავალშიც, მანამდე კი  ვაცხადებ, რომ ვერანაირი შანტაჟითა და ტყულით ეს ხალხი ვერ შემაშინებს, არცერთ ნაბიჯს  უკან არ გადავდგამდა არცერთ კვადრატულს   გამომძალველებს  არ დავუთმობ, რა ცირკიც  უნდა მოაწყონ.  ჩემი საქმე სამართლიანია და ჩემ გვერდით ასობით ოჯახია, ყველამ იცის სიმართლე და ამიტომაც, 5-6 მოტყუებული ადამიანის გარდა,  ხატიაშვილის სიბინძურეში მონაწილეობას არ იღებს. მარტო ეს ფაქტი არის მისი, როგორც მატყუარას მამხილებელი.

მივმართავ საქართველოს პროკურატურას:

თქვენ  დაზარალებულთა დიდმა ჯგუფმა იმის თაობაზე  არაერთხელ მოგმართათ, რომ  ღია და დაუფარავი გამოძალვის პროცესი თქვენთვის კარგად ცნობილი კრიმინალის, ხატიაშვილის დამქირავებელი ქალბატონი ჩანტლაძის მხრიდან მიმდინარეობს.   ამის თაობაზე     საჩივრებიცაა შემოტანილი. გამოძალვისა და შანტაჟის  გაძლება  უკვე შეუძლებელია. მიიღეთ შესაბამისი სამართლებრივი ზომები,  თქვენზე უკეთ არავინ იცის, ვინ არის ეს ხალხი და რისთვის მიპირისპირდებიან არა მარტო მე, როგორც დამფუძნებელს, არამედ ამხანაგობის ასობით დაზარალებულ ოჯახს. ჩვენ ვართ ბევრი, მაგრამ ჩვენ ქუჩაში არ ვეძებთ სამართალს, ვეძებთ იქ,  სადაც სამართალი უნდა იყოს და გვიცავდეს.   გამომძალველების მიმართ სახელმწიფოს პასუხი გვაჩვენეთ. თქვენ ეს შეგიძლიათ”, – განაცხადა რაზიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები