კახა კალაძე მედიის წარმომადგენლებს – ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ხვალინდელ დღეს – ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა

ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ხვალინდელ დღეს – ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა, – ასე მიმართა,  პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს სიტყვით გამოსვლისას.

მისივე შეფასებით, ფიზიკურ ძალადობასთან ერთად, არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა.

„მინდა, ასევე მოგესალმოთ მედიის წარმომადგენლებს და მოგმართოთ, როგორც მერობის კანდიდატმა, როგორც მოქმედმა მერმა, მმართველი გუნდის წევრმა, როგორც მოქალაქე კახა კალაძემ და კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქალაქში სამწუხაროდ, 5 ივლისს განვითარდა. რასაკვირველია, ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ თქვენ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა.

არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ჩვენ საზოგადოებაში. ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო. ამიტომ, როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს ერთი – დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები