“სასიამოვნოა, რომ ყველა სტრუქტურა ჩართული იყო, მადლობა მათ” – ვაჟა გაფრინდაშვილი ზაზა გახელაძის გათავისუფლებაზე

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ოკუპანტებმა გაიტაცეს და უკანონო პატიმრობაში ერთი წელი გაატარა, ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ეხმიანება და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მადლობას უხდის.

მისი თქმით, კარგი იქნება თუ სახელმწიფო ზაზა გახელაძეს გარკვეულ კომპენსაციას მისცემს, რადგან ფიქრობს, რომ ერთწლიანი ტყვეობის შემდეგ ეკონომიკური დახმარება მის ოჯახს ნამდვილად დასჭირდება.

“ძალიან კარგი და მისასალმებელი ამბავია. სამწუხაროა, რომ ერთი წელი გაიწელა ეს ამბავი, თუმცა ნამდვილად სასიამოვნოა, რომ ჩართული იყო ყველა სტრუქტურა, სახელმწიფოდან დაწყებული ეკლესიით დამთავრებული. მაგრამ ვფიქრობ, აუცილებელია სამოქალაქო აქტიურობაც, იმიტომ რომ საზოგადოებრივი აქტიურობა აფხიზლებს ყველა ფენას, მით უფრო რომ სამუშაო გვაქვს სხვა ჩვენი თანამოქალაქეების გასათავისუფლებლად, იგივე ირაკლი ბებუას ამბავი, რომ მშვიდობიანად და კარგად დამთავრდეს.
ყველას უდიდესი მადლობა ვინც უმცირესი წვლილი მაინც შეიტანა ზაზას გათავისუფლებაში. ლევან ანთაძის ბოლო განცხადებაც მაგას მიუთითებდა, რომ ზაზა აუცილებლად გათავისუფლდებოდა.

ყველაზე მთავარია, რომ ზაზა გახელაძეს, რომელმაც ერთი წელი გაატარა რუსეთის ტყვეობაში, რაღაც კომპენსაცია მაინც მისცეს სახელმწიფომ. ის მოწყვეტილი იყო ერთი წელი ოჯახს, ოჯახის ბურჯი იყო და ოჯახის მარჩენალი იყო, ვფიქრობ, ახლა ნამდვილად სჭირდება მას ეკონომიკური დახმარება. კიდევ ერთხელ მადლობა ყველა მხარეს, რომ დღეს ზაზა თავისუფალია და თავის ოჯახშია”, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

რაც შეეხება გათავისუფლების ფორმას და პროცედურას, როგორც ვაჟა გაფრინდაშვილი პირად მაგალითზე განმარტავს, ზედამხედველმა ის ე.წ. ციხის უფროსთან შეიყვანა, რომელმაც გათავისუფლების შესახებ ამცნო და მალევე ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მთავრობას გადმოსცეს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე სეპარატისტული რეჟიმის ერთწლიანი უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები