„ანჩისხატის ტაძარში შესანახად ყველა პირობაა შექმნილი, ხატი თავის სახელობის ტაძარს უნდა დაუბრუნდეს“ – ზაზა ნანობაშვილი

“ანჩისხატის ტაძარში შესანახად ყველა პირობაა შექმნილი, ანჩისხატი თავის სახელობის ტაძარს უნდა დაუბრუნდეს”, – ამის შესახებ ანჩისხატის დაბრუნების პროექტის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაზა ნანობაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ანჩისხატის ტაძარში სპეციალური, ტყვიაგაუმტარი სახატე ვიტრინაა დადგმული, რომელიც გერმანულმა კომპანიამ დაამზადა.

როგორც ნანობაშვილმა განაცხადა, კიოტი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დამზადდა.

ანჩისხატის კარედი ამჟამად თბილისის ხელოვნების მუზეუმში ინახება. ხატის მუზეუმიდან ტაძარში გადატანაზე საზოგადოების მორწმუნე ნაწილი უკვე ათეული წლებია, საუბრობს.

„ვიტრინა ანჩისხატის ტაძარში დგას. ეს უნიკალური პროექტია ყველა ტემპერატურული რეჟიმის, ყველანაირი დაცვის თვალსაზრისით. სახატე ვიტრინა ძალიან მაღალ დონეზე გაკეთდა. ის ტყვიაგაუმტარია, რამდენიმე გასაღებით იკეტება, დაყენებულია სიგნალიზაცია.
ხატის ტაძარში დაბრუნებას წინ აღარაფერი უდგას. ახალი ზღაპრების შექმნას თავი დავანებოთ, არ გაუვიდათ ის, რომ, თურმე, ხატის გადაადგილება არ შეიძლება, ახლა საუბარია იმაზე, რომ, თითქოს, ხელოვნების მუზეუმიდან ჯანაშიას მუზეუმამდეა ისეთი გზა, რომლითაც ხატი  დაზიანდება. ახალი ისტორიების მოყოლას შევეშავთ. ეკლესიაში ყველა პირობაა შექმნილი, მუზუმი კი ვხედვათ, როგორ მდგომარეობაში ჩავარდა. იცით, რომ ხელოვნების მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია. იქ არსებული სიწმინდები და ექსპონატები, პრაქტიკულად, ბოლო 2 წლის მანძილზე ყველანაირი ტემპერატურული და ფარდობითი ტენიანობის რეჟიმებისაგან განცალკევებითაა. არაფერი მუშაობს.
ანჩისხატი თავის სახელობის ტაძარს უნდა დაუბრუნდეს“, – განაცხადა ნანობაშვილმა.

მისივე თქმით, საინიციატივო ჯგუფს საგანძურის გადაადგილებასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში წერილი აქვს შეტანილი.

„ეს საკითხი კულტურის სამინისტროს პრეროგატივაა, რა თქმა უნდა, მთავრობასთან შეთანხმებით. პრემიერი საქმის კურსში გვყავს ჩაყენებული, წერილი გვაქვს მიწერილი. საკითხი კულტურის სამინისტროშია გადაგზავნილი. ჩვენი წერილი პასუხგაუცემელია 4 თვის მანძილზე“, – განაცხადა ნანობაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები