რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტები მკურნალობის ხელმისაწვდომობას ითხოვენ
13 ივლისს, 19:00 საათზე ვასო გოძიაშვილის სახელობის „წითელ ბაღში“ (მის: ალ. ყაზბეგის გამზირი) საინფორმაციო კამპანია „ყველაფერი ჩვენს ხელშია“ ფარგლებში ექიმი რევმატოლოგები, პაციენტები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბებიან და სახელმწიფო სტრუქტურებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ დაავადების მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობას.
როგორც “კვირას” ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიება რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის ეგიდით ეწყობა და მიზნად ისახავს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინფორმირებულობას დაავადებისა და მისი მკურნალობის შესახებ, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და ბიოლოგიურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც პაციენტებს დაეხმარება მეტის გაკეთება შეძლონ დამოუკიდებლად, ყოველდღიურ ცხოვრებაში.
“ღონისძიების დასასრულს პაციენტები თაბაშირით საკუთარი დაზიანებული ხელების ყალიბებს შექმნიან. ეს იქნება ინვიდუალური გზავნილები სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, თუ რამდენად რთულია რევმატოიდულ ართრიტთან ერთად ცხოვრება, როცა სახსრები არ გემორჩილება.
პაციენტების სურვილია სახელმწიფოს მიაწოდონ მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ “ყველაფერი ჩვენს ხელშია” და მკურნალობის შედეგად, მათი ცხოვრების და შრომისუნარიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, ისინი შეძლებენ დარჩნენ საზოგადოების აქტიურ წევრებად”, – აღნიშნულია ორგანიზატორთა ინფორმაციაში.