„არა ძალადობას, სოლიდარობა მედიის წარმომადგენლებს და სამძიმარი ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და ახლობლებს” – POSTV განცხადებას ავრცელებს
„არა ძალადობას, სოლიდარობა მედიის წარმომადგენლებს და სამძიმარი გარდაცვლილი ოპერატორის – ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და ახლობლებს”, – ტელეკომპანია POSTV-ის საინფორმაციო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“POSTV-ის საინფორმაციო სამსახური რჩება იმავე პოზიციაზე, რაც არხის ეთერში ჩვენ – ახალი ამბების გუნდს არაერთხელ გაგვიჟღერებია.
სად იყო გუშინ POSTV-ის მიკროფონი – ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ POSTV-ის მიკროფონი გუშინ იყო იქ, სადაც იყო მედიის გულწრფელი პროტესტი. ახალი ამბების ჟურნალისტები იდგნენ იქ, სადაც ჩვენი კოლეგები აპროტესტებდნენ 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტებს, ზოგადად, ძალადობას და მდუმარე აქციით პატივს მიაგებდნენ ჩვენი გარდაცვლილი კოლეგის – ლექსო ლაშქარავას ხსოვნას. ჩვენ ვიყავით მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც იყო სრულიად მედიაკორპუსი და არა იქ, სადაც იდგნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები და ითხოვდნენ ხელისუფლების დამხობას.
რაც შეეხება მედიასაშუალებების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ჩვენ მიმართ უსაფუძვლო ბულინგსა და აგრესიას შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჩვენი კოლეგის მიერ დასმული კითხვის გამო. მათ საპასუხოდ განვმარტავთ – უწყების მხრიდან გაჟღერებული ინფორმაციიდან გამომდინარე დავსვით ლეგიტიმური კითხვა იმის შესახებ, თუ რა ვერსიებზე მუშაობდა გამოძიება – ეს გვაინტერესებდა ჩვენ და ეს აინტერესებს საზოგადოებასაც, შესაბამისად, ჩვენ არანაირი წინასწარი ვერსიების არ გვჯერა და არ ვაჟღერებთ. ველოდებით გამოძიებას და ველოდებით ექსპერტიზის პასუხს.
ასე რომ, ჩვენო კოლეგებო, ნუ დაემსგავსებით იმ აგრესიულ ძალას, ვინც 5 ივლისს ჩვენ – ჟურნალისტებს თავს გვესხმოდა სიტყვიერად თუ ფიზიკურად; ვინც ძალადობდა ჩვენზე და ვინც იძალადა ლექსოზე. კიდევ ვიმეორებთ – ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც დგას მედია და არ ვდგავართ იქ, სადაც დგანან პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები და ითხოვენ ხელისუფლების დამხობას”, – ნათქვამია განცხადებაში.