იაგო ხვიჩია: ვიზიარებ ლექსო ლაშქარავას ოჯახის ტკივილს, ვფიქრობ, გამოძიების მუხლებზე არ უნდა ვკონცენტრირდეთ, მთავარი უნდა იყოს, დაისჯებიან თუ არა დამნაშავეები
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ოჯახს უსამძიმრებს.
მისი თქმით, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
„ვიზიარებ ოჯახის ტკივილს და მწუხარებას, გიზიარებთ თქვენც, გარდაცვლილის კოლეგებს. ძალიან საშინელი ფაქტი მოხდა. მგონი მუხლის კორექტირება გამოძიების პროცესში ჩვეულებრივი ამბავია. მე არ ვიცი მოტივები, რა მოტივით დაიწყეს ამ მუხლით გამოძიება. ჩემი აზრით, ჩვენ მუხლებზე არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, მთავარი უნდა იყოს, დაისჯებიან თუ არა დამნაშავეები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 5-6 ივლისს “თბილისი პრაიდის” ღონისძიებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს დაზარალდა. ის შესაბამისი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან ბინაზე გაეწერა. დღეს დილით კი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.