დამოუკიდებელი ექსპერტი: ლექსო ლაშქარავას გვამის გამოკვლევა ჯერ დაწყებული არ არის, თუ გამოძიება არ დაუშვებს ოფიციალურ წერილს ჩემი ჩართულობის თაობაზე, ჩემი ჩართულობის გარეშე მოხდება ექსპერტიზა

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ ექსპერტიზის ბიუროში „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ცხედრის გამოკვლევა ჯერ დაწყებული არ არის.

მისი თქმით, თუ გამოძიება არ დაუშვებს ოფიციალურ წერილს საქმეში მისი ჩართულობის თაობაზე, ექსპერტიზა მისი ჩართულობის გარეშე მოხდება.

„როცა მოვედი, დაცვის თანამშრომლებმა მითხრეს, რომ ცოტა ხანი გავჩერებულიყავი და საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენელი ჩამოვიდოდა, რომელიც საქმის კურსში ჩამაყენებდა. ჩამოვიდა ექსპერტი და მომახსენა, რომ ამ ეტაპზე იმის თაობაზე, რომ მე უნდა მივიღო მონაწილეობა ამ ექსპერტიზაში, გამოძიებისგან არანაირი წერილობითი ინფორმაცია მიღებული არ აქვს და ბუნებრივია, რომ სანამ გამომძიებლის წერილი და ნებართვა არ ექნება საექსპერტო დაწესებულებას ამ ექსპერტიზაში ვერ ჩავერთვები. როგორც მითხრეს, ჯერ გვამის გამოკვლევა დაწყებული არ არის. თუ გამოძიება არ დაუშვებს ოფიციალურ წერილს ჩემი ჩართულობის თაობაზე, ჩემი ჩართულობის გარეშე მოხდება გვამის ექსპერტიზა“, – განაცხადა გეჯაძემ.

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 5-6 ივლისს “თბილისი პრაიდის” ღონისძიებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს დაზარალდა. ის შესაბამისი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან ბინაზე გაეწერა. დღეს დილით კი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები