სხვადასხვა თაობის მუსიკოსებს შორის შემოქმედებითი კავშირის დამყარების მიზნით კულტურის სამინისტროში ღონისძიება გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სააქტო დარბაზში ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლის აღსაზრდელთა ჩასაბერი საკრავების ორკესტრმა კონცერტი გამართა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოს ინფორმაციით, კონცერტში, რომელსაც სკოლის დირექტორი თამაზ მოლაშვილი დაესწრო, მონაწილეობა მიიღო ხელოვნების სკოლის 25-მა აღსაზრდელმა და ბავშვთა ორკესტრის დირიჟორმა სერგო ტყაბლაძემ.

ღონისძიება მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით მოეწყო და მისი მიზანია ჩასაბერი საკრავების ბავშვთა ორკესტრის საქმიანობისა და შემოქმედების გაცნობა ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელ ნიკოლოზ რაჭველისა და ორკესტრის წევრებისთვის.

რამდენიმე დღის წინ, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში სტუმრობისას თეა წულუკიანმა ნიკოლოზ რაჭველსა და ორკესტრის წევრებს მოუწოდა, მჭიდრო კონტაქტი დაამყარონ სახელოვნებო სკოლების აღსაზრდელებთან და მათ მასტერკლასები ჩაუტარონ, რათა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა პროფესიისადმი ინტერესი არ დაკარგონ და ქვეყანაში გააქტიურდეს ახალი თაობის მუსიკოსებზე ზრუნვის პროცესი. სამინისტროში გამართული ღონისძიებაც სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ ეროვნული მუსიკალური ცენტრის წარმომადგენლები გაეცნონ ხელოვნების სკოლის აღსაზრდელთა სასულე ორკესტრის შემოქმედებას, რათა ორი თაობის ხელოვანებს შორის დამყარდეს შემოქმედებითი კავშირი და ერთი მხრივ, ახალგაზრდებს მიეცეთ პროფესიული განვითარების საშუალება, ხოლო მეორე მხრივ, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს მიეცეს საშუალება, ახალგაზრდებს შორის შეარჩიოს შესაფერისი კანდიდატები, რომლებიც წლების შემდეგ მათ საქმიანობას გააგრძელებენ.

„საქართველოში არის სახელოვნებო სკოლები, სადაც ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა სწავლობს, თუმცა მათი საქმიანობის და შემოქმედების შესახებ არ აქვთ ინფორმაცია იმ ორგანიზაციებს, რომელთა რიგების შევსება სწორედ ამ ახალგაზრდებით უნდა მოხდეს. იმისათვის, რომ არ იყოს ამ პროფესიებში წყვეტა, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ახალგაზრდა თაობის შემოქმედების გაცნობას პროფესიულ მუსიკალურ ორგანიზაციებისთვის, რათა მათ მიეცეთ საშუალება, ამ ახალგაზრდებს შორის ყველაზე ნიჭიერები და პერსპექტიულები შეარჩიონ და განვითარებაში დაეხმარონ. ეს ორივე მხარისთვის სასარგებლო თანამშრომლობაა”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მუსიკალურ წარმოდგენას ახალგაზრდული ორკესტრის წევრთა მშობლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები