5 ივლისს დაჭრილმა პოლონელმა ტურისტმა კლინიკა დატოვა
5 ივლისს დაჭრილმა პოლონელმა ტურისტმა იაცეკ კოლანკიევიჩმა ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა დატოვა. პოლონელი ტურისტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში გაივლის.
როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ახლად გახსნილი სასტუმრო “ბიოგრაფი” პოლონელ ტურისტს სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თამაზ იორაშვილის ინფორმაციით, პოლონელი ტურისტი სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში გაივლის და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდება სამშობლოში.
„ჩვენი პოლონელი სტუმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დადებითი. იაცეკ კოლანკიევიჩისთვის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს რამდენიმედღიან სარეაბილიტაციო კურსს, რომლის დასრულების შემდეგ ის შეძლებს სამშობლოში დაბრუნებას”, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამაზ იორაშვილმა.
პოლონელი მოგზაური ხეთაგუროვის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს 5 ივლისს დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდამსხმელი იმავე დღეს დააკავა.