საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, „აფხაზეთობის კვირეულის” ფარგლებში, ზუგდიდში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, „აფხაზეთობის კვირეულის” ფარგლებში, ზუგდიდში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზეთობის კვირეული”, 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აღინიშნება.
კვირეული, რომელიც აფხაზეთის კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენას ისახავს მიზნად, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, მრავალფეროვანი შემეცნებით-კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა. ღონისძიებების დასასრულს, გაიმართა გალაკონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ანსამბლმა „შავნაბადამ”, ზუგდიდის ხალხური სიმღერის ანსამბლებმა – „ჩელამ” და „ოდოიამ”, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეთა უფროსმა თაობამ, ასევე, ქართულ-კატალონიურმა ვოკალურმა გუნდმა „ვოკალ-ვირკანმა”.
კვირეულის გახსნას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დაესწრნენ.
აფხაზეთობის დღესასწაული 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაწესდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.