წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა 150-ზე მეტ ახალგაზრდას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლა დაუფინანსა 

წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა 150-ზე მეტ ახალგაზრდას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლა დაუფინანსა. ინფორმაციას განათლების საერთაშორისო ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრი 2014 წელს შეიქმნა და უკვე 1000-ზე მეტი სტიპენდია გასცა უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის.

“დასრულდა კონკურსი განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამებზე. დაფინანსების მოპოვების მსურველებს ელექტრონული აპლიკაციის შევსება და განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე- iec.gov.ge რეგისტრაციის გავლა 2 თვის მანძილზე შეეძლოთ.

აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ.

2021-2022 აკადემიური წლის კონკურსისათვის 2000-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია. აქედან გამარჯვებულია: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე –
• საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2021-2022 – 24 აპლიკანტი;
• საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2021-2022 – 7 აპლიკანტი;
• საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2021-2022 – 5 აპლიკანტი;
• საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2020-2021- 3 აპლიკანტი;

ამავდროულად, 2021-2022 სასწავლო წელს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელდა ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები:
• სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში („Stipendium Hungaricum“) – 2021-2022 – 69 აპლიკანტი;
• სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში – 2020-2021- 7 აპლიკანტი;
• აკადემიური პროგრამები იტალიაში – 2020-2021- 5 აპლიკანტი;

ამჟამად მიმდინარეობს ,,ფულბრაიტის’’ სამაგისტრო პროგრამის კონკურსი, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და განათლების საერთაშორისო ცენტრი ერთობლივად ახორციელებს, ასევე, აკადემიური პროგრამები სან – დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და სან-დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლა ასევე დაუფინანსდებათ ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელებს. გამარჯვებულთა სია პროგრამების მიხედვით ეტაპობრივად გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელიც პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა, უკვე 1000-ზე მეტი სტიპენდია გასცა უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის. სტიპენდია მოიცავს როგორც სწავლის საფასურს, ასევე საცხოვრებელ ხარჯებს.
ცენტრი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებას უსურვებს მათ სწავლის შემდეგ საფეხურზე!
მოახმარე შენი ცოდნა საქართველოს!”, – ნათქვამია განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები