“სახალხო დამცველმა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს ქვეყანაში ბავშვის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებულ მწვავე საკითხთა ნუსხა წარუდგინა”
საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს (90-ე წინა სასესიო სამუშაო ჯგუფის შეხვედრისთვის) ქვეყანაში ბავშვის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებულ მწვავე საკითხთა ნუსხა წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, სახალხო დამცველი დოკუმენტში მიუთითებს, რომ სიცოცხლის უფლების დაცვის მხრივ, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა სუიციდის პრევენცია და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის არაეფექტიანობა.
“ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის საჭიროებების დროულ გამოვლენას და მის მხარდაჭერასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებული ქმედითი ღონისძიებების გატარებას. სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში ბავშვთა უკიდურესად მძიმე სიღარიბეზე, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა საჭიროებებსა და შშმ ბავშვების წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
საკითხთა ნუსხაში მიმოხილულია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვების საჭიროებებიც, განათლების უფლების ხელმისაწვდომობის, სოციალური ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით სარგებლობის, ფსიქო-სოციალური კეთილდღეობისა და ცხოვრების სათანადო დონის უზრუნველყოფის კუთხით.
სახალხო დამცველი კომიტეტს მოუწოდებს ყურადღება გაამახვილოს და საქართველოს მოთხოვოს ანგარიშგება სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების უფლებრივ მდგომარეობაზე და დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესზე. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ სახელმწიფო წლების განმავლობაში დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა ზრუნვის სისტემაში მყოფი ბავშვების მიმართ ძალადობის ფაქტების პრევენცია, მათზე რეაგირება, დროული გამოვლენა, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაცია, განათლებისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვა, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარების მხარდაჭერა.
განათლების უფლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, დოკუმენტში ასევე მიმოხილულია საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები, სიღარიბეში, სახელმწიფო ზრუნვაში, რეგიონებში, და განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობა; შშმ და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილი ჩართვის მხრივ არსებული გამოწვევები.
2022 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობა გამარტივებული საანგარიშო პროცედურის მიხედვით წარადგენს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის შესრულების შესახებ ანგარიშს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წინაშე. ამ პროცედურის მიხედვით, კომიტეტი მონაწილე სახელმწიფოს კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად 30 შეკითხვას – მოხსენებამდე საკითხთა ნუსხას უგზავნის. აღნიშნული პროცესის მიზანია სახელმწიფოს მიერ კონვენციისა და მისი ორი დამატებითი ოქმის (გაერთიანებული ანგარიშგების შემთხვევაში) იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღება. მონაწილე სახელმწიფოს პასუხები საკითხთა ნუსხაზე წარმოადგენს კონვენციის შესრულების პერიოდულ ანგარიშს.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ საკითხთა ნუსხა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტისთვის დამხმარე დოკუმენტია, რათა სახელმწიფოსთვის შეკითხვებისა და პრობლემური საკითხების ჩამონათვალის განსაზღვრის დროს გაითვალისწინოს სახალხო დამცველის შეფასებები ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.