ანრი ოხანაშვილი – ამნისტიაზე: ჩავაყენებთ საქმის კურსში პარტნიორებს, რათა არ მისცენ ვინმეს შეთანხმებიდან გასვლის შესაძლებლობა

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ამნისტიის პროექტის შემუშავება „ქართული ოცნების“ ინტერესი არ ყოფილა. თუმცა, პატივს ვცემთ სტრატეგიულ პარტნიორებსა და იმ სწორ სულისკვეთებას, რომ პარტიებმა დაასრულონ ამ საკითხით მანიპულირება”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქმის კურსში იქნებიან პარტნიორებიც, რათა ვინმეს შეთანხმებიდან გასვლის შესაძლებლობა არ მიეცეს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამნისტიის პროექტის შემუშავება „ქართული ოცნების“ ინტერესი არ ყოფილა. ჩვენ რომ ასეთი სურვილი გვქონოდა, ამას გავაკეთებდით ბევრად ადრე. შესაბამისად, მარტივად იკვეთება, რომ ეს ამნისტია „ქართული ოცნების“ სუბიექტური ინტერესი არაა, თუმცა, ჩვენ პატივს ვცემთ სტრატეგიულ პარტნიორებსა და იმ სწორ სულისკვეთებას, რომ პარტიებმა დაასრულონ ამ საკითხით მანიპულირება. ამიტომ, საჭიროა, რომ ეს ფურცელი გადავშალოთ. მეტიც, თუკი ვინმემ ყველაზე მეტად უნდა აგოს პასუხი ამაზე პოლიტიკურად და მორალურად, ეს არის ნიკა მელია, რომელიც პარლამენტის შტურმით აღებას უწევდა ორგანიზებას. თუკი ვინმემ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს, ეს არის ნიკა მელია და მასთან სხვა ადამიანების გათანაბრება არის სრულიად მიუღებელი. ნიკა მელიას პასუხისმგებლობას და ყველა სხვა ადამიანის პასუხისმგებლობას ერთ სიბრტყეზე ვერ დავაყენებთ. ამიტომ წავედით კომპრომისზე, რომ ამნისტია შეეხოს ნიკა მელიასაც და სხვებსაც, მაგრამ თუ ახლა ვიღაც ამბობს, რომ „ყველა დარღვევა“ არ ნიშნავს ყველა დარღვევას, ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და ჩავაყენებთ საქმის კურსში სტრატეგიულ პარტნიორებს, რათა არ მისცენ ვინმეს შეთანხმებიდან გასვლის შესაძლებლობა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები