იტალიის დედაქალაქ რომში ძლიერი უამინდობა დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიისა და სააგენტოების ინფორმაციით, ქალაქის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებს ტორნადო, ძლიერი ქარი და კოკისპირული წვიმა დაატყდა თავს, რამაც ქუჩების დატბორვა, ხეების წაქცევა და სატრანსპორტო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია.
ამ დროისთვის დაღუპულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა სტიქიამ ქალაქის რამდენიმე რაიონში მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი გამოიწვია.
ყველაზე მეტად დაზარალდა ნომენტანოს, სალარიოსა და პარიოლის რაიონები, სადაც ქუჩები წყლით დაიფარა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რამდენიმე მთავარ მაგისტრალზე მოძრაობა დროებით შეჩერდა, ხოლო საგანგებო სამსახურები გზების გასაწმენდად და დაზიანებების აღმოსაფხვრელად მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.
ადგილობრივი მედიის თქნახმად, უამინდობა მხოლოდ რომით არ შემოფარგლულა. ძლიერი წვიმები და წყალდიდობები დაფიქსირდა იტალიის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის ლაციოში, ტოსკანასა და ფრიულიში.
ხელისუფლება ვითარებას აკვირდება და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.