ირაკლი ღარიბაშვილი: ულტიმატუმის ენით საუბარი არის კატეგორიულად მიუღებელი, ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი
“ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი არის კატეგორიულად მიუღებელი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ნამოხვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობამ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად ყველაფერი გააკეთა.
„ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა ნამოხვანჰესზე. ჩვენ ასევე შევთავაზეთ პროტესტის მონაწილეებს შესაფერისი დიალოგის ფორმატი. არაერთი მცდელობა იყო ჩვენი მხრიდან. ჩემი პირადი წარმომადგენელი, გუბერნატორები და სამინისტროები ჩავრთე. ამას გარდა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მოვიწვიეთ, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსსა და დეტალს, გარემოს ზემოქმედების ეფექტებს. ამას გარდა დავავალე იუსტიციის სამინისტროს, რომ კიდევ ერთხელ შეისწავლონ დამოუკიდებელი იურიდიული კომპანიების მიერ აღნიშნული პროექტის შესაბამისობა საერთაშორისო პრაქტიკასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, კითხვები არ უნდა არსებობდეს. თვის ბოლოს ვხვდები კომპანიის დამფუძნებელსა და მფლობელს, ინვესტორს, რომელიც ეწვევა თბილისს. მე თავად ვარ ჩართული და მსურს, გავერკვიო დეტალურად, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში. რაც შეეხება ულტიმატუმის ენით საუბარს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.