კრწანისის ტყე-პარკში გარემოსდაცვითი განათლების საზოგადოებრივი ცენტრი შეიქმნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შვედეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი პროექტის დაწყებაზე მუშაობს, რომელიც რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გულისხმობს და ფარავს კრწანისის ტყე-პარკის ინფრასტრუქტურის აღდგენა-გაუმჯობესებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილემ, საერთაშორისო განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა ერიკ ილესიმ კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორია დაათვალიერეს.

„ველური ბუნების ეროვნული სააგენტო კრწანისის ტყე-პარკის აღდგენასა და განახლებაზე აქტიურად მუშაობს. მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შემდეგ, ტყე-პარკი თავის ძირითად ფუნქციას დაიბრუნებს და გახდება მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე ორ ქალაქს – თბილისსა და რუსთავს შორის. ტყე-პარკის ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორია მართლაც ძალიან ლამაზი და საინტერესო ადგილია, რომელიც რუსთავსა და თბილის შორის მდებარეობს. ის ნამდვილად შეიძლება იქცეს როგორც გარემოსდაცვითი განათლებისა და ბიომრავალფეროვნების ცენტრი. დღეს, ჩვენ ვისაუბრეთ შესაძლო პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნულ ტერიტორიის დიდი პოტენციალის ათვისებას იმისათვის, რომ ბიომრავალფეროვნების შესწავლა ძალიან საფუძვლიანად მოხდეს. ეს მნიშვნელოვანი იქნება მომავალი თაობების და ზოგადად, მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით“, – აღნიშნა საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილემ, შვედეთის საელჩოს საერთაშორისო განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ერიკ ილესმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები