თამარ გაბუნია: კვირის ბოლომდე, დაახლოებით, 6 000 საწოლი უნდა იყოს მობილიზებული
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დამატებითი საწოლფონდის მობილიზება მოხდება.
ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისივე თქმით, 6 მაისს ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები ჩამოვა, რაც უკვე აცრილი მოქალაქეების მეორედ აცრას მოხმარდება.
„დღეს კლინიკებში 4200-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს, აქედან 811 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული, 149 კი – რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე. გვინდა, რომ კვირის ბოლომდე დაახლოებით 6 000 საწოლი იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ არ იყოს დატვირთულობა კლინიკებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დღეს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.