ინდოეთში მცხოვრები ქართველი: ექიმები ტირიან და დაჩოქილები გვეხვეწებიან, აღარავინ მოიყვანოთო, მე ყოველდღე ვუყურებ ამ კადრებს და ზოგჯერ მგონია, ეს სინამდვილე არ არის
“ინდური შტამი არის ორმაგი მუტაციით გამოწვეული ახალი შტამი, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება, ფილტვს ობობას ქსელივით მოეფინება ვირუსი, ადამიანები ჰაერის უკმარისობით იხოცებიან”, – ამის შესახებ ინდოეთში მცხოვრებმა ქართველმა, ნათელა საჯაიამ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რეგულაციებიც და კანონიც გამკაცრდა, მაგრამ დიდ ქალაქებში უზარმაზარი ბაზრებია და, შესაბამისად, ხალხმრავლობაც.
,,შარშან უფრო ველოდი ასეთ მძიმე ვითარებას, მაგრამ დროულად ჩაკეტეს საზღვრებიც და ქალაქებიც, გააჩერეს ტრანსპორტი. არ შეგვშინებია, რომ დახლებიდან პროდუქტი გაქრებოდა.
ინდოეთს კარგი მომარაგება აქვს, აქ წელიწადში სამჯერ იღებენ მოსავალს და არ ვართ იმპორტზე დამოკიდებული. შარშან 15 მარტიდან 106-დღიანი “ლოქდაუნი” გამოაცხადეს, ცოტა ხნის შედეგ კი სკოლებისა და უნივერსიტეტების გარდა ყველაფერი გახსნეს. ჩემი შვილი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია და მარტის ბოლოს ბოლო გამოცდა ჰქონდა. წესებს იცავდა, მაგრამ გამოცდიდან რომ მოვიდა, მეორე დღეს დაეწყო ძლიერი ტკივილი, დაკარგა ყნოსვა და გემო. ძვლებში მამტვრევს, კანი მეწვის, თითოეული კუნთი მტკივაო, მეუბნებოდა. ეჭვიც არ შემპარვია, რომ კორონავირუსი ჰქონდა. სამი კვირა სავალდებულო კარანტინში იყო, ოთახიდანაც კი არ გამოსულა, რის წყალობითაც ჩემი მეუღლე და მული გადარჩნენ. მე ბოლო დრომდე მაინც დავდიოდი სამსახურში, მაგრამ ახლა გადავწყვიტე, ვიდეოზარით დავეხმარო პაციენტებს. ახლა აცხადებენ, რომ უკვე სახლებშიც უნდა გვეკეთოს პირბადე. გარეთ სავალდებულოა ორი, სახლში – ერთი.
როგორც გითხარით, რეგულაციებიც და კანონიც გამკაცრდა, მაგრამ აქ დიდ ქალაქებში უზარმაზარი ბაზრებია და, შესაბამისად, ხალხმრავლობაც. საერთოდ, მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა და ძნელია, დაიცვა დისტანცია.
ეს არის ორმაგი მუტაციით გამოწვეული ახალი შტამი, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის – ფილტვს ობობას ქსელივით მოეფინება ვირუსი, ჟანგბადის დონე ეცემა, ადამიანები ჰაერის უკმარისობით იხოცებიან. ბრიტანული შტამისგან განსხვავებით, ეს არის კოვიდი გაორმაგებული და გასამმაგებული მუტაციით.
ღმერთმა დაიფაროს საქართველო იმისგან, რაც აქ ხდება… ტესტების გაკეთებასაც ვეღარ ასწრებენ – სამ დღეშია პასუხი და გვიანდება, ამიტომ, როგორც კი სიმპტომები გამოუვლინდებათ, მაშინვე მიდიან საავადმყოფოში. სასწრაფო დახმარების მანქანას ინდოეთში მხოლოდ ის ფუნქცია აქვს, რომ მძიმე პაციენტები გადაიყვანოს. მხოლოდ მძღოლი მიდის გამოძახებაზე, ექიმისა და ექთნის გარეშე. იქ მიყვანილებს შენობაში არ უშვებენ, ელოდებიან, როდის გათავისუფლდება ადგილი, რომ ახალი პაციენტი დააწვინონ. ჟანგბადის აპარატებიც აღარ აქვთ. უჰაერობით მარტო ჩვენთან დღეში 20-25 კაცი კვდება. ექიმები ტირიან და დაჩოქილები გვეხვეწებიან, აღარავინ მოიყვანოთო. მე ყოველდღე ვუყურებ ამ კადრებს და ზოგჯერ მგონია, ეს სინამდვილე არ არის.
ჩემი ერთი პაციენტი, 20 წლის ახალგაზრდა კაცი დიალიზზეა. შვიდი წლის წინ თირკმელი გადაუნერგეს და ერთი კვირის წინ ცოცხალ-მკვდარი ჩამოიყვანეს დელიში. ეს ბიჭი უნდა დამეწვინა საავადმყოფოში, თორემ მოკვდებოდა, მაგრამ ტესტი არ ჰქონდა ჩატარებული და არ იღებდნენ. მის მკურნალ ექიმს ვუთხარი, დაგიჩოქებთ, ოღონდ დაეხმარეთ-მეთქი. გაუკეთეს სწრაფი ტესტი, გადაიყვანეს დიალიზის ცენტრში და სიკვდილს გადავარჩინეთ. ისე ცუდად იყო, ვეღარც ლაპარაკობდა, თვალებით ითხოვდა შველას…”, – განაცხადა ნათელა საჯაიამ.
ნათელა საჯაია 26 წელია, ინდოეთში, დელიში ცხოვრობს, მეუღლე სირაჯ ამანსა და შვილ ომარ ამანთან ერთად. ის თარჯიმან-ფასილიტატორია და ცნობილ ფორტის ჰოსპიტალში მუშაობს.
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების სტატისტიკით ინდოეთი პირველ ადგილზეა, კრემაცია უკვე ქუჩებში მიმდინარეობს, წუთში ერთი ადამიანი იღუპება, საავადმყოფოებში ადგილი აღარ არის.