ამირან სალუქვაძე – ,,ნამოხვანჰესზე”: კატეგორიულად მიუღებელია ჰესის ან ხეობის დაცვის თემას ამოფარებული რუსული ინტერესის გატარება და რევოლუციური სცენარის აგორება
“თუ დაიდება ყველასათვის სანდო დასკვნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მამაზეციერი ვერ მათქმევინებს, რომ ჰესი უნდა აშენდეს. იგივე ეხება სხვა დეტალებს”, – ამის შესახებ ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ჰესის ან ხეობის დაცვის თემას ამოფარებული რუსული ინტერესის გატარება და რევოლუციური სცენარის აგორება.
,,ნამოხვანთან დაკავშირებით.
ამ საკითხით მაშინ დავინტერესდი, როცა სოციალურ ქსელში შიში გამძაფრდა ჰესის სეისმო უსაფრთხოებასთან და, აქედან გამომდინარე, რეგიონის (ქუთაისის) შესაძლო დატბორვასთან დაკავშირებით.
განიხილებოდა ასევე ეკოლოგიური უსაფრთხოება, ტარიფების, “გასხვისების”, პასუხისმგებლობებისა და ხელშეკრულების სხვა პირობების საკითხები.
პირდაპირ ვწერ, ხელისუფლების მხრიდან დაგვიანებით, თუმცა, პროტესტის მონაწილეთა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც მალევე შევიდა ჩიხში, თითიდან გამოწოვილი მიზეზით. ნელ-ნელა თემატურმა პროტესტტმა პოლიტიკური ელფერი მიიღო. შემდეგ შეეცადნენ თამასას აწევა და ხეობაში პრემიერის ჩასვლა მოითხოვეს.
დასაწყისშივე მოვიძიე მასალები, 200-გვერდიანი მემორანდუმი, რომელიც მთავრობამ გაასაჯაროვა, თუმცა სოცქსელში დღემდე ითხოვენ მის გასაჯაროვებას (ვინც მთხოვა, მივაწოდე).
როცა მთავრობასთან პროტესტის მონაწილეთა დიალოგი შეწყდა, გამოიკვეთა ერთი გარემოება, რომ ხელშეკრულება და ტექნიკური დეტალები მხოლოდ საბაბი იყო და საბოლოო მიზანი თურქული კომპანიის გასვლა და ჰესის მშენებლობის შეჩერებაა იმის მიუხედავად, თუ რა დასკვნებიც არ უნდა დაიდოს.
ამ პერიოდში, ჩემი შეფასებით, გამოიკვეთა პროცესის მართულობის ნიშნები.
თუ დავაკვირდებით პროტესტეზე გამოჩენილ რუსეთიდან ჩამოსულ სუბიექტებს, ეს ეჭვები უკვე რეალურ კავშირებად შეგვიძლია შევაფასოთ. ამის შესახებ ოდნავ ქვემოთ.
ადრეც დავაფიქსირე და იგივე გავიმეორე 13 აპრილს იმედის ფაქტორში, რომ მოსახლეობაში გავრჩელდა გარკვეული კითხვები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, და ამ კითხვებზე მოსახლეობამ პასუხი უნდა მიიღოს მეთქი.
ამ მოსახლეობაში მეც შევდივარ და ველოდები დასკვნებს პირველ რიგში სეისმომდგრადობასთან, მიკროკლიმატთან დაკავშირებით.
როგორც ირკვევა, კაშხალის მდგრადობა გათვლილია 8 ბალზე მეტი სიმძლავრის მიწისძვრაზე. ასეთი სინძლავრის მიწისძვრა რომ მოხდეს, ისედაც გაასწორებს მიწასთან იქაურობას და ისეც გამოიწვევს წყალდიდობას. ამ და სხვა დეტალებში ახლა არ შევალ.
ბოლო კვირეებში ტექნიკური ნიუანსების თემა მოიხსნა და, როგორც ზემოთ დავწერე, ანტითურქული ისტერიის ფონზე, მთავარ მოთხოვნად ენკას გასვლა და ჰესის მშენებლობის უპირობო შეჩერებაა.
ჯერ ერთი, ანტითურქული ისტერია რუსეთის პირდაპირი ინტერესია. მეორე, ასევე რუსეთის პირდაპირი ინტერესია საქართველოში ენერგოსექტორის მთლიანი კონტროლი.
როცა ვეკითხები ადამიანებს, რატომ არ ითხოვთ რუსული კომპანიების გასვლას მეთქი, პასუხი არ აქვთ, ან ამბობენ უკვე ძველი ამბავიაო. ძველია ნამოხვანიც, 12 წელია გრძელდება, 100 მლნ ლარი აქვთ ხეობაში დახარჯული. პროცესის უკან დატრიალება რომ პოლიტუკურ ჭრილში გადავა და ურთიერყობებს დაძაბავს, ბავშვიც მიხვდება. ვინმე იღებს პასუხისმგებლობას?
ახლაც ამბობენ, თითქოს, მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, მაგიდასთან არ სხდებიან. ეს რას ნიშნავს? ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ პროცესს სხვა მართავს.
მკაფიოდ ვიმეორებ: თუ პრობლემაა ეკოლოგიური, სეისმოლოგიური უსაფრთხოება, კონტრაქტის პირობები, ეს წყდება მაგიდასთან.
თუ დაიდება ყველასათვის სანდო დასკვნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მამაზეციერი ვერ მათქმევინებს, რომ ჰესი უნდა აშენდეს. იგივე ეხება სხვა დეტალებს.
ამავე დროს, კატეგორიულად მიუღებელია ჰესის ან ხეობის დაცვის თემას ამოფარებული რუსული ინტერესის გატარება და რევოლუციური სცენარის აგორება.
უკვე აღარ მალავენ და აქციაზე ჩნდება რუსეთში მცხოვრები ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, ილია ძოწენიძე, რომელიც რუსეთში ფლობს ნავთობის და გაზის გადამამუშავებელ, ასევე სამთო სამუშაოების კომპანიებს. სხვათაშორის წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილდოებულია რუსეთის მთავრობის მიერ რუსეთის სამთო-გეოლოგიური სამსახურის განვითარებისათვის ოქროს მედლით. აქვს მჭიდრო კავშირები როგორც რუსეთის სახელისუფლებო წრეებში, ასევე საქართველოში პრორუსულ ძალებთან. აქციები რომ ფინანსების გარეშე არ/ვერ ეწყობა, ანა-ბანაა.
აქეთ სააკაშვილი ჩაერთო და თავისივე დაწყებულ მშენებლობას აპროტესტებს. არ გებადებათ კითხვები?
დღეს უკვე ვხედავთ, რომ სხვა პოლიტიკური სუბიექტები ღიად ერთვებიან პროცესში.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩემი ვალია, გაგაფრთხილოთ და მოგიწოდოთ. როგორც ბევრჯერ დამიწერია, ყოველი მოქალაქე თავად არის თავისი თავის, ოჯახის და ქვეყნის მომავლის მჭედელი. ამისათვის ორი ბერკეტი გვაქვს: ხმა აეჩევნებზე და აქტიურობა საზოგადოებაში.
შესაბამისად, თავად გადაწყვიტეთ საითკენ წაიყვანთ ქვეყანას. ბევრჯერ წაგვიკრავს ფეხი. წამოვმდგარვართ. ისე ნუ ვიზამთ, ვეღარ წამოვდგეთ.
შესაბამისად, გაითვალისწინეთ საპატრიარქოს მოწოდება, ასევე მზადაა მთავრობა ექსპერტთა, სპეციალისტთა ფართო ჩართულობით, თუნდაც მთელი წლის მანძილზე, გააგრძელოთ მოლაპარაკებები, შესწავლა და დაიდოს დასკვნა.
იქნება უარყოფითი დასკვნა, არ აშენდება, იქნება დადებითი – აშენდება. ვისთვისაც ეს მიუღებელია, ის არაა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებაში.
კიდევ ერთი, ნურავინ ჩათვლის, რომ სხვაზე მაგარი პატრიოტია და სხვაზე მეტად უყვარს სამშობლო, ან სხვას მასზე ნაკლებად. თუმცა, პატრიოტიზმში შეჯიბრი კარგი პროცესია. ოღონდ, სამშობლოს სიყვარულში, ერთმანეთს ქვეყანას თავზე ნუ დავამხობთ”, – წერს სალუქვაძე.