რა დაავადებები უვითარდებათ ადამიანებს კორონავირუსის გადატანის შემდეგ – მეცნიერების ახალი კვლევა

დეპრესია, დემენცია, ფსიქოზი და ინსულტი – ეს ის დიაგნოზია, რომელსაც კოვიდგადატანილ ადამიანებს ექვსი თვის შემდეგ უსვამენ.

ახალი დასკვნა ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს.

მათი დასკვნის მიხედვით, კორონავირუსგადატანილი ადამიანების მესამედს განუვითარდა ან გაუუარესდა ფსიქოლოგიური ან ნევროლოგიური მდგომაროება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული, სავარაუდოდ, უკავშირდება როგორც სტრესს, ასევე, ვირუსს, რომელიც ტვინზე ახდენს პირდაპირ გავლენას.

ბრიტანელმა მეცნიერებმა აშშ-ში 500 ათასზე მეტი პაციენტის სამედიცინო ბარათი შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ 14-დან ერთის შემთხვევაში გამოვლინდა ფსიქოლოგიური ან ნევროლოგიური მდგომარეობა, მათ შორის, ცერებრალური სისხლდენა, ინსულტი, პარკინსონის დაავადება, გიენა-ბარეს სინდრომი, დემენცია, ფსიქოზი, ხასიათის ცვალებადობა, შფოთვა.

აღინიშნება, რომ ისეთი მდგომარეობა, როგორიც არის ინსულტი და დემენცია, სავარაუდოდ, უკავშირდება ვირუსის ბიოლოგიურ ზემოქმედებას ან ინფექციაზე ორგანიზმის რეაქციას.

მეცნიერების თქმით, „კოვიდ-19“ პარკინსონის დაავადების საფრთხეს არ ზრდის.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ მათი ნაშრომი უფრო დაკვირვებას წარმოადგენს და არ ადასტურებს, რომ კოვიდინფექცია აუცილებლად იწვევს ინსულტს ან დეპრესიას. თუმცა, მსგავსი კვლევების შედარებისას გამოიკვეთა, რომ კოვიდპაციენტები უფრო მეტად არიან მიდრეკილები თავის ტვინის დაავადებების მიმართ, ვიდრე – პაციენტები, რომლებმაც ჩვეულებრივი გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადება გადაიტანეს.

მეცნიერებმა კვლევის მონაწილეები ასაკის, სქესის, ეთნიკური წარმომავლობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეადარეს.

დადგინდა, რომ კოვიდპაციენტებში ფსიქოლოგიური და ნევროლოგიური დაავადებების განვითარების რისკი 16 პროცენტით უფრო მაღალია, ვიდრე – იმ ადამიანებში, ვინც სხვა რესპირატორული ვირუსი გადაიტანა და 44 პროცენტით მეტი, ვიდრე – ჩვეულებრივი გრიპით დაავადებულ პაციენტებში.

შფოთვა და ხასიათის ცვლილება ან სხვა ფსიქოლოგიური აშლილობა გამოუვლინდა პაციენტების 24%-ს, ხოლო ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში – 25%-ს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრილ ადამიანებს შორის მაჩვენებელი 28%-ს შეადგენს.

„კოვიდ-19“-ის გადატანის შემდეგ, ინსულტი ჰქონდა პაციენტების 2%-ს და ეს მაჩვენებელი 7%-მდე იზრდება იმ ადამიანებს შორის, ვინც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვდა. დემენცია გამოუვლინდა კოვიდპაციენტების 0,7%-ს.

აღსანიშნავია, რომ პაციენტების ერთ მესამედს „კოვიდ-19“-ის შემდეგ ფსიქოლოგიური ან ნევროლოგიური პრობლემების დიაგნოზი ცხოვრებაში პირველად დაუსვეს.

ავტორი : მონიკა დავლიანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები