გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის პროფესიასთან დაკავშირებული წესები და პირობები განისაზღვრა
იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის ბრძანებით, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ავტორიზაციის, მათი ერთიანი რეესტრის წარმოების და ელექტრონული სისტემის მეშვეობით პრაქტიკოსთა შერჩევის წესი და პირობები დამტკიცდა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ასევე, დადგინდა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის საფასურის ოდენობა.
შესაბამის ბრძანებებს იუსტიციის მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
“როგორც ცნობილია, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი სრული მოცულობით 2021 წლის პირველი აპრილიდან უნდა ამოქმედდეს. კანონი საწარმოს გაკოტრების ნაცვლად, მისი რეაბილიტაციის მიზანს ემსახურება. 2020 წლის სექტემბერში აღნიშნული კანონის მიღებით საქართველოში გადახდისუუნარობის პროცესის მარეგულირებელი პროგრესული ჩარჩო ჩამოყალიბდა. სხვა სიახლეებთან ერთად, კანონმა შემოიტანა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის პროფესია, რომელიც წამყვან როლს ასრულებს გადახდისუუნარობის პროცესის ეფექტიან წარმართვაში. იუსტიციის მინისტრის მიერ ბრძანებების გამოცემას აღნიშნული კანონი უდევს საფუძვლად.
კანონის თანახმად, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციას ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“, ხოლო გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების წესსა და პირობებს, აგრეთვე, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. მისივე კომპეტენციაში შედის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესის დამტკიცება.
ბრძანებით დგინდება გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის სტატუსის მოპოვების წინაპირობები, ავტორიზაციისთვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, ავტორიზაციის ეტაპები და ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესები, აგრეთვე, ავტორიზაციის სახეები და მისი შეწყვეტის საფუძვლები; პრაქტიკოსთა სერტიფიცირებისა და გასაუბრების წარმართვის წესები და პირობები.
ბრძანებით განსაზღვრულია გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების ეტაპები. ბრძანების თანახმად, სერტიფიცირების პროგრამას განახორციელებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“. სასწავლო ცენტრმა სერტიფიცირების ეტაპის გასავლელად შესაბამისი განცხადებების მიღება უნდა დაიწყოს 2021 წლის პირველი აპრილიდან, ხოლო 2021 წლის პირველ ივლისამდე უზრუნველყოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა პირველი ნაკადის სერტიფიცირების პროცესის დასრულება. მთლიანობაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა პირველი ნაკადის ავტორიზაციის პროცესი 2021 წლის პირველ აგვისტომდე უნდა დასრულდეს.
ბრძანებით განისაზღვრა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოების წესები. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრი არის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა შესახებ მონაცემების სისტემური ერთობლიობა. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის მონაცემები აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ელექტრონული სერვისის სახით მიეწოდება სასამართლოს, რაც მიზნად ისახავს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების პროცესის გამართულ ფუნქციონირებას. ელექტრონული სისტემა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა შორის საქმეებს შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით რიცხვების გენერირების ალგორითმის საფუძველზე გაანაწილებს.
ბრძანების თანახმად, ბოლო 5 წლის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მონაწილეები, პირადი განცხადების საფუძველზე, აღირიცხებიან გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში. ამ პირთა რეგისტრაცია დროებითია და მოქმედებს 1 წლის განმავლობაში. (https://matsne.gov.ge/ka/document/view/5137782?publication=0).
გარდა ამისა, მინისტრის ბრძანებით დადგინდა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის საფასურის ოდენობა – გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის პროფესიისა და მისგან გამომდინარე ფუნქციებისა და ვალდებულებების შესატყვისი აღქმის ჩამოსაყალიბებლად და იმისათვის, რომ პროფესიაში შესასვლელად არ დაინერგოს გაუმართლებლად დაბალი ფინანსური ხელმისაწვდომობა, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის საფასურის გონივრულ ოდენობად განისაზღვრა 3000 ლარი (https://matsne.gov.ge/ka/document/view/5137821?publication=0).
ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრომ გადახდისუუნარობის მასშტაბურ რეფორმაზე მუშაობა 2020 წლის თებერვალში დაასრულა. ცვლილებებით გადახდისუუნარობის სფეროში თვისებრივად ახალი, ნოვატორული მიდგომები დამკვიდრდა. რეფორმის მიზანი ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნაა, რომელიც სრულად გაითვალისწინებს კომპანიებისა და კრედიტორების ინტერესებს; მისცემს საშუალებას ბიზნესს, ფინანსური კრიზისის საწყის ეტაპზევე გამოიყენოს რეაბილიტაციისათვის საჭირო მექანიზმები, გაკოტრების პროცედურის ნაცვლად. ეფექტიანი გადახდისუუნარობის სისტემის დანერგვა დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე, ინვესტიციების ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, გააუმჯობესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.