“როცა ნამახვანში ჰესების მშენებლობას სააკაშვილის ხელისუფლებამ მოაწერა ხელი, ხალხი მაშინ რომ გამოსულიყო ქუჩაში, რეჟიმი გვანახებდა მომიტინგეთა ბუმბულს გაშლილს გაფანტულს ველადა”

“ნამახვანში ჰესების მშენებლობა სააკაშვილის ხელისუფლების დროს გადაწყდა და შესაბამის დოკუმენტსაც სააკაშვილის მთავრობამ მოაწერა ხელი”, – ამის შესახებ გაზეთ ,,ასავალ-დასავალში” ნამახვანჰესთან დაკავშირებით მიძღვნილ სტატიაშია ნათქვამი.

როგორც ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა წერს, მაშინ, როცა ამ პროექტს ნაცმთავრობამ სადღესასწაულოდ მოაწერა ხელი და საუკუნის მშენებლობად მონათლა, ხალხი რომ ქუჩაში გამოსულიყო და აქციები გაემართათ, სააკაშვილი ზონდერებს მიუსევდა. ის აღნიშნავს, რომ ახლანდელი ხელისუფლება მოლაპარაკებების გზით ცდილობს პრობლემის გადაჭრას.

,,პარაზიტ პოლიტიკანებს შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი პარაზიტი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც გასულ კვირას ნამახვანის წინააღმდეგ ვერბალურად გაილაშქრა და საქართველოს ხელისუფლებას კიევიდან პირდაპირ შუბლში დააჭედა ლოზუნგი – ,,ხელები შორს ქართული ბუნებისგან!”

ნამახვანის ჰესის შესახებ სააკაშვილის ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ გაქცეული ნაცბელადი არის ,,დიდი ცახჰესი, ნაცობერად წოდებული”. რა თქმა უნდა, იცით ,,პატარა ცახესი, ცინობერად წოდებული” – ერნესტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის ლეგენდარული ზღაპრის პერსონაჟი, ფიზიკური და სულიერი სიმახინჯის განსახიერება, აბსოლუტური ბოროტებისა და თვითმარქვიობის სიმბოლო, რომელსაც დედამიწის ყოველ კუთხეში ჰყავდა, ჰყავს და მუდამ ეყოლება რეალური განსახიერებანი.

,,ცინობერად წოდებული პატარა ცახესის” ერთ-ერთი რეალური განსახიერება ,,ნაცობერად წოდებული დიდი ცახჰესი” – ნაცბელადი სააკაშვილი გახლავთ. ის აცხადებს, რომ საქართველოში 600 ეკლესია-მონასტერი აღაშენა, სინამდვილეში კი მისი რეჟიმი აშენებულ ეკლესიებს არბევდა, როგორც ეს გლდანში გააკეთა და მშენებარე მონასტრებს ანგრევდა, როგორც ეს ჩაიდინა აჭარაში, ფერიას მთაზე. რაც შეეხება ასობით ეკლესია-მონასტრის აშენებასა და რესტავრაციას, რასაც ცახჰესი სააკაშვილი იბრალებს, რეალურად ბიძინა ივანიშვილისა და საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს” გაკეთებულია. ეს ერთი მაგალითი, თუ როგორ იბრალებს ცახჰესი იმას, რაც არ გაუკეთებია, ჰესების ამბავში კი პირიქით არის – რასაც თვითონ აკეთებდა, იმას სხვას აბრალებს.

აი, რას ამბობს პრეზიდენტი სააკაშვილი 10 წლის წინ, 2011 წელს: ,,მომავალი წელი არის ჰესების დაწყების წელი საქართველოში, კერძოდ, ნენსკრა, ხუდონი და კიდევ სხვა ჰესები, ნამახვანი, ალბათ და სხვა ჰესები.”

აი, რას ამბობს ნაპრეზიდენტალი სააკაშვილი 10 წლის შემდეგ, 2021 წელს: ,,ჩემი სრული სოლიდარობა ნამახვანის მშენებლობის წინააღმდეგ ყველა ადამიანს, აქციის ყველა ორგანიზატორს.”

როცა ხელისუფლებაში იყო, ზარზეიმით აანონსებდა ნამახვანისა და სხვა დიდი ჰესების მშენებლობას, ახლა კი, როცა ხელისუფლებაში აღარ არის, ნამახვანჰესისა და სხვა დიდი ჰესების წინააღმდეგ გამოდის. მოკლედ, ნამახვანში ჰესების მშენებლობა სააკაშვილის ხელისუფლების დროს გადაწყდა და შესაბამის დოკუმენტსაც სააკაშვილის მთავრობამ მოაწერა ხელი. კერძოდ, 2009 წლის 8 დეკემბერს თბილისში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის თანახმადაც ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა ერთმა თურქულმა და ორმა კორეულმა კომპანიამ იკისრეს, საქართველოს მთავრობის სახელით კი მემორანდუმს ხელი ენერგეტიკის იმჟამინდელმა მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა მოაწერა. 2009 წლის 8 დეკემბერს ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას პრეზიდენტი სააკაშვილი ასე ჩიქორთულად მიესალმა: ,,დღეს ჩვენ ვაწერთ ხელს იმ მშენებლობის დაწყებას, რომელიც განახორციელებს ყველაზე დიდ პროექტს საქართველოში საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ. ეს არის პროექტი, რომელიც აღემატება საქართველოში აქამდე განხორციელებული სხვა პროექტების, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტს.”

რა დაემართებოდა ათასობით მოქალაქეს, ნამახვანის ჰესის წინააღმდეგ მაშინ რომ გამოსულიყო ქუჩაში, როცა ამ პროექტს ნაცმთავრობამ სადღესასწაულოდ მოაწერა ხელი და საუკუნის მშენებლობად მონათლა. სააკაშვილის რეჟიმი მარბიელ ზონდერებს შეუსევდა და გვანახებდა მშვიდობიან მომიტინგეთა ბუმბულს გაშილს გაფანტულს ველადა; აქციის მონაწილეებსა და ჰესის მოწინააღმდეგე ყველაზე აქტიურ პირებს, სოდ-ში და კუდ-ში დაუწყებდნენ დაბარებას, ოჯახის წევრების დაპატიმრებით დაემუქრებოდნენ, იარაღისა და ნარკოტიკის ჩადებას დაპირდებოდნენ და თუ ეს არ გაჭრიდა, აუსრულებდნენ კიდეც!

ახლა კი ხდება ისე, რომ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი საკუთარი მთავრობის წევრებს ავალებს – ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობას რაც აწუხებს და რა კითხვებიც დაუგროვდა, ყველაფერს პასუხი გაეცით, ადგილზე ჩადით, ადამიანებს სათითაოდ დაელაპარაკეთ და მათი გასაჭირი გულთან მიიტანეთო!

პოლიტიკური ნაცჯუჯების ამალა სულ ტყუილად ჯახირობს: ვერაფრით მოახერხებენ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა გულწრფელი და უანგარო პროტესტი თავიანთ რევანშისტულ გეგმებს მიაბან!,”- წერს სტატიის ავტორი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები