FlyArystan საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს

დღეიდან, 14 ივლისიდან, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი ფრენებს ატირაუ – ბათუმი – ატირაუს შეასრულებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავიარეისები 25 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ სამშაბათს განხორციელდება.

“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონზე, ატირაუ უკვე მეოთხე ყაზახური ქალაქია, საიდანაც ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შესრულდება. დღეის მდგომარეობით, ფრენები ალმათი – ბათუმი – ალმათის, ასტანა – ბათუმი – ასტანას და აქტაუ – ბათუმი – აქტაუს საჰაერო ხაზებზე ხორციელდება.

საქართველოსა და ყაზახეთს შორის ავიარეისებს ავიაკომპანიები Air Astana, FlyArystan და Scat Airlines-ი ასრულებენ. ჯამურად, ზაფხულის სეზონზე ორ ქვეყანას შორის ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა 57 სიხშირემდე გაიზრდება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები