ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლება – სამშენებლო კომპანია „მამისონის“ წინააღმდეგ მენეჯერი დავას იწყებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სამშენებლო კომპანია „მამისონის” წინააღმდეგ წარმოებულ დავაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კომპანიამ სამსახურიდან ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, მაღალი დასაბუთებით, დისკრიმინაციის საფუძველზე დაითხოვა და მუშაკი დაკავებული თანამდებობიდან, სავარაუდოდ, ასაკის გამო გაათავისუფლებს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ მხარეები შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 2009 წლის მაისიდან. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. კომპანიამ 2020 წლის 22 ოქტომბერს მიიღო ბრძანება, რომლითაც თანამშრომლები გაფრთხილდა, რომ ახალი კორონავირუსის გამო, კომპანიაში შემოღებული იქნა დისტანციური მუშაობა და ეკონომიკური მდგომარეობის გამო, განხორციელდებოდა შტატების ოპტიმიზაცია. 2020 წლის 4 ნოემბერს, მენეჯერი კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად, გამოცხადდა სამსახურში, სადაც შეხვედრა გაიმართა კომპანიის ადმინისტრაციის უფროსთან და ადმინისტრაციის მენეჯერთან. მათ მენეჯერს აცნობეს, რომ ხელი უნდა მოეწერა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე, რაზედაც მენეჯერმა უარი განაცხადა. კომპანია „მამისონის“ ადამიანური რესურსების მართვის ყოფილმა მენეჯერი, ვერ მიიღო დასაბუთებული არგუმენტი, თუ რა საფუძვლით ახდენდა კომპანია მის გათავისუფლებას და რა საფუძვლით ტოვებდა სხვა ანალოგიურ მდგომარეობაში არსებულ დასაქმებულებს. კომპანიის დასახელებული უფლებამოსილების მქონე პირებმა მენეჯერს განუმარტეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებოდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, განსხვავება კი იქნებოდა ის გარემოება, რომ თუკი მენეჯერი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტაზე შეთანხმებას მოაწერდა ხელს (რაც ადგილზე იქნა წარმოდგენილი მომზადებული დოკუმენტის სახით), მიიღებდა კუთვნილ კომპენსაციასაც. 2020 წლის 7 ნოემბერს კომპანიამ მენეჯერს საფოსტო გზავნილით გაუგზავნა შეტყობინება, სადაც აღინიშნა, რომ მენეჯერთან შრომითი ხელშეკრულება წყდებოდა რეორგანიზაციის შედეგად. საქმის მასალებით ვერ დასტურდება ვერც რეორგანიზაციის საწარმოო აუცილებლობა, და ვერც ამ რეორგანიზაციის ლეგიტიმური მიზანი. კომპანიას ამ დრომდე არ წარმოუდგენია რეორგანიზაციის აუცილებლობის, ასევე ამ პროცესის ლეგიტიმურობის დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება. უცნობია, კომპანიის სტრუქტურა რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდეგაც. შესაბამისად, მენეჯერმა ვერც სიტყვიერი ფორმით მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პანდემიის გამო კომპანიის ეკონომიკური მდგომარეობა ქმნიდა გათავისუფლების საფუძველს, მაშინ, როდესაც კომპანიამ გააკეთა განცხადება, რომ შრომითი ურთიერთობა შეწყდა არა რაიმე პიროვნული ნიშნით ან რაიმე სახის დისკრიმინაციით, არამედ კომპანიაში მძიმე ეკონომიკური ფაქტორების გამო. „ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა და მისი ეკონომიკური სფერო პანდემიამ გამოწვევის წინაშე დააყენა, მოპასუხე დაწესებულების საქმიანობა არ შეჩერებულა და შეფეხება არ განუცდია ინფრაქსტრუქტურული პროექტების განხორციელებას, სადაც სახელმწიფოსთან “სამშენებლო კომპანია მამისონს” არაერთი ტენდერი აქვს მოგებული და აგრძელებს სამშენებლო საქმიანობას. ამდენად, მხარეს გაუჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ დასაქმებულმა, რეორგანიზაციის სახელით, პატივი არ სცა მუშაკის ასაკს და არ მიიჩნია მისი გამოცდილება სასარგებლოდ, რის გამოც, აქცენტი ახალგაზრდა კადრებზე გააკეთა. გათავისუფლების მომენტისტვის, კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი 61 წლის ქალბატონი გახლდათ. განსახილველ შემთხვევაში, ორგანიზაცია ფიქრობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება, შესაძლებელია, დაკავშირებული აღმოჩნდეს ასაკობრივ მდგომარეობასთან, ვინაიდან კუმულაციურად არსებობდა რამდენიმე გარემოება: ა) კომპანიის გუნდი მთლიანად დაკომპლექტებულია ახალგაზრდა კადრებით და 1959 წელს დაბადებული დასაქმებული მმართველ მენეჯმენტში, მოსარჩელის სახით მხოლოდ ერთი მუშაკი ირიცხებოდა და ბ) რეორგანიზაციის შედეგად, კომპანიაში არ შეცვლილა თანამდებობრივი სტრუქტურა და დასაქმებული ფიზიკური პირების ვინაობა, რიცხვონება. მენეჯერმა 2020 წლის 4 ნოემბრის შეხვედრაზე სწორედ აღნიშნული არგუმენტაციით გააპროტესტა და არ დაეთანხმა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას. შესაბამისად, კომპანია იძულებული გახდა წერილობითი ფორმით განემარტა, რომ შრომითი ურთიერთობა შეწყდა არა რაიმე პიროვნული ნიშნით, ან რაიმე სახის დისკრიმინაციით, არამედ ქვეყანაში და კომპანიაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ფაქტორების გამო. საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. სამშენებლო კომპანია „მამისონის” გადაწყვეტილების შედეგად, სამსახურიდან გათავისუფლებული ქალბატონს მოესპო საარსებო დაცვის შესაძლებლობა და ხელფასი წარმოადგენდა მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს. კომპანიამ არ გამოიჩინა სათანადო პასუხისმგებლობა და კორპორაციული მიდგომები, რათა მუშაკთან წარმოებულიყო მოლაპარაკება ალტერნატიული თანამდებობის შეთავაზებასა და სოციალური დაცვის კომპრომისულ შეთანხმებაზე. მიღებული ინფორმაციით, ქალბატონი ერთადერთი კადრი არ არის, რომელიც მიმდინარე პერიოდში კომპანია „მამისონმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა. არსებული ოფიციალური წყაროების მიხედვით, კომპანია ეკონომიკურად აქტიური ორგანიზაციაა და მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში, ასევე კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – დირექტორი ირიცხება პარტიულ შემომწირველთა რიგებში. კერძოდ, სამშენებლო კომპანია „მამისონი“ მონაწილეობდა 183 ტენდერში. მოგებული აქვს 54 სახელმწიფო ტენდერი, მოგებული კონტრაქტების საერთო საბაზრო ღირებულება კი 139,887,383.56 ლარს შეადგენს (იხ. https://tendermonitor.ge). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის თანახმად, კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ჭკადუაა. ფიქსირდება, რომ 2017 წელს, კომპანიის დირექტორმა „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ შემოწირულობის სახით გადაურიცხა 10 000 ლარი. ოფიციალური ჩანაწერით, სამშენებლო კომპანია „მამისონის“ მესაკუთრე „ევორდ ჰოლდინგია“ (ს/კ 404505629). „მამისონი“, რომელიც მრავალი წელია საქართველოს სამშენებლო ბაზარზეა და განხორციელებული აქვს მასშტაბური პროექტები, დაწყებული ჰიდროტექნიკური ნაგებობათა კომპლექსებიდან, დამთავრებული სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ნაგებობებით, „ევორდ ჰოლდინგის“ წევრი 2017 წლიდან გახდა. „ევორდ ჰოლდინგი“, მათ შორის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტში მონაწილეობს. ცნობისთვის: სამსახურიდან გათავისუფლებულმა მოქალაქემ სასამართლოს 2020 წლის 4 დეკემბერს მიმართა, ხოლო 2021 წლიდან საქმეში „ახალგაზრდა ადვოკატები“ ჩაერთო. საქმეს მოსამართლე სოსო ღურწკაია განიხილავს. საქმეზე წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი და იურისტი მარიამ ბარსონიძე განახორციელებს. R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები