რიაბკოვი: რუსეთი მზად არის, “ღია ცის” შეთანხმებას დაუბრუნდეს
“რუსეთი მზად არის, “ღია ცის” შეთანხმებას დაუბრუნდეს, თუ აშშ იმავეს გააკეთებს, თუმცა, ამერიკული მხარის გადაწყვეტილებას “მუდმივად არ დაელოდება”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
“კარს ღიად ვტოვებთ. მაგრამ ვაშინგტონსა და ნატო-ს სხვა დედაქალაქებში კოლეგებს უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენც არ დაველოდებით მუდმივად, როდის გაანალიზებენ, აწონ-დაწონიან და მიხვდებიან, არის თუ არა მზად აშშ, დაუბრუნდეს შეთანხმებას”, – თქვა რიაბკოვმა.
მისი თქმით, მოსკოვის მხრიდან შეთანხმებიდან გასვლის პროცედურა ჯერ კიდევ გრძელდება და დასრულდება, “თუ ამ მომენტისთვის შეერთებული შტატები არ შეგვატყობინებს, რომ მზად არის, დაუბრუნდეს შეთანხმებას”.
“რუსეთი დეპოზიტარებს – უნგრეთს და კანადას გადასცემს ნოტას, რომ გასვლას იწყებს. ამის მერე 6-თვიანი ვადა იქნება საჭირო, რომ გასვლა საბოლოოდ გაფორმდეს”, – განმარტა დიპლომატმა.
რუსეთში “ღია ცის” შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება 15 იანვარს გაკეთდა.
ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებაში აღინიშნებოდა, რომ “შეთანხმების გაგრძელებისთვის ახალი პირობების შექმნის საქმეში, წინაღობების აღმოფხვრის პროგრესის არარსებობის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, დაიწყოს შეთანხმებიდან გასასვლელად შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები. პროცესის დასრულების შემდეგ, შეტყობინება იქნება დაგზავნილი”.
2020 წლის 22 ნოემბერს აშშ-მა “ღია ცის” შეთანხმებიდან გასვლის პროცედურა დაასრულა, რომელიც მაისში იყო ჩაშვებული.
ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ რუსეთი სადამკვირვებლო ფრენებს ზღუდავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.საზღვრებიდან 10 კმ რადიუსში, რადგან მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს და აცხადებს, რომ ისინი შეთანხმების მონაწილე ქვეყნები არ არიან; ასევე, ანექსირებულ ყირიმში საწვავის შევსებისთვის განკუთვნილი აეროდრომის მოწყობასა და კალინინგრადის ოლქის თავზე სადამკვირვებლო ფრენების შეზღუდვას. ასევე, საუბარია მოსკოვის მიერ კალინინგრადთან, პოლონეთთან, ლიეტუვასთან ფრენებზე შეზღუდვების დაწესებაზე.
რაც შეეხება “ღია ცის” შეთანხმებას – მას ხელი 1992 წლის 24 მარტს ჰელსინკში ეუთო-ს 23 წევრი-ქვეყნის მიერ მოეწერა. შეთანხმების მიზანია მონაწილე ქვეყნების მიერ ერთმანეთის ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება.
2017 წლის მდგომარეობით, შეთანხმების წევრი ქვეყნების რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. დოკუმენტზე ხელი საქართველოსაც აქვს მოწერილი, რუსეთმა კი შეთანხმება 2001 წლის 26 მაისს გაიზიარა.
შეთანხმების ფარგლებში, ფრენების კვოტირების სისტემა არსებობს. 2017 წელს, მაგალითად, რუსეთსა და ბელარუსს, რომლებიც ერთ ჯგუფად მიიჩნევიან, 42 ფრენის განხორციელება შესაძლებლობა მიეცათ. საპასუხოდ, წევრმა ქვეყნებმა რუსეთის ტერიტორიაზე 34 სადამკვირვებლო ფრენა განახორციელეს.