მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა 2 149 460 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 72 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 149 460 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 72 მილიონს გადააჭარბა.

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 25.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.

ინგლისში სკოლები, სულ მცირე, მარტის დასაწყისამდე სრულად არ გაიხსნება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ოფისში განაცხადეს.

ბორის ჯონსონის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ მთავრობა მტკიცებულებებს შეისწავლის, შესაძლებელია თუ არა შეზღუდვების შემსუბუქება, თუმცა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომებს 15 თებერვლამდე არ გადახედავენ, ბრიტანეთის პრემიერის პრესმდივანმა ასევე დაადასტურა, რომ სკოლებს გახსნის შესახებ, სულ მცირე, ორი კვირით ადრე შეატყობინებენ და ეს პროცესი მარტამდე არ დაიწყება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, მთავრობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ყურადღებით აკვირდებიან ინფიცირებისა და ვაქცინაციის პროგრამის მაჩვენებელს. მხოლოდ სიტუაციის სტაბილიზაციის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საუბარი შეზღუდვების შემსუბუქებაზე, რადგან, მისივე თქმით, არავის სურს, დასტაბილურებული შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ეპიდემიის მესამე ტალღის წარმოქმნა ქვეყანაში. ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით, თებერვლის მეორე ნახევრისთვის გადაიხედება შეზღუდვები, თუმცა, მათ შემსუბუქებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 22 195 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 592 ადამიანი კი გარდაიცვალა. 2020 წლის 15 დეკემბრის შემდეგ, ერთ დღე-ღამეში COVID19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების ასეთი დაბალი მაჩვენებელი, ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული პრესის ცნობით, მთავრობა სამოგზაურო პროტოკოლის შეცვლასა და სავალდებულო კარანტინის დაწესებას ემხრობა.

ბელგიაში კი ექსპერტები მოუწოდებენ  მთავრობას, დროებით დახუროს სკოლები, ე.წ. ბრიტანული შტამის მაღალი გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მათ მიაჩნიათ, რომ სკოლები წარმოადგენენ ინფიცირების ერთ-ერთ დიდ კერას, ამიტომ, უკეთესია მათი დახურვა მანამ, სანამ სიტუაცია გაუარესდება. „ბავშვები, რომლებსაც შესაძლოა თავად არ აქვთ კოვიდის ძირითადი სიმპტომები, შესაძლოა გახდნენ ინფექციის მატარებლები. გასაგებია, რომ მთავრობას სურს რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს საგანმანათლებლო პროცესი, თუმცა, სასკოლო ცხოვრება საფრთხის შემცველია. ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, რათა მეორე ტალღიდან პირდაპირ მესამე ტალღაში არ გადავიდეთ“, – აცხადებენ ისინი.

საფრანგეთში ეპირვითარება კვლავ რთული რჩება. კორონავირუსით ინფიცირებულების დღიური მაჩვენებელი, საშუალოდ, 20 000-ს შეადგენს, 2 900 ადამიანი კი ინტენსიურ თერაპიაშია მოთავსებული.

27 იანვარს, საფრანგეთის მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებაზე იმსჯელებს. საფრანგეთის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, უახლოეს მომავალში, ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, საყოველთაო „ლოქდაუნის“ დაწესება ისევ გახდება საჭირო. იმავეს აცხადებს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრიც.

ესპანეთის ტერიტორიების 70%-ზე მეტი ექსტრემალური რისკის ქვეშ მოექცა. მადრიდისა და ბასკეთის შემდეგ შეზღუდვები ვალენსიის რეგიონშიც გამკაცრდა. დახურულ სივრცეში, მხოლოდ 2 ადამიანის შეკრებაა დასაშვები. ყველანაირი სოციალური აქტივობა ოჯახურ გარემოშიც კი იკრძალება. იმ ქალაქებში, სადაც მოსახლეობა 50 000 აჭარბებს პერიმეტრული „ლოქდაუნის“ ქვეშ მოექცევა. ბარები და რესტორნები დაიხურა. აღნიშნული შეზღუდვები ძალაში  15 თებერვლამდე დარჩება.

ესპანეთის ჯანდაცვის ათობით ექსპერტი, ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას დამღუპველს უწოდებს. ეპიდემიოლოგების აზრით, ვირუსის გავრცელების შესამცირებლად, ქვეყანაში შეზღუდვები მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს. მათი განცხადებით, წარსულში დაშვებული შეცდომები არ უნდა განმეორდეს.

ლატვიაში მოქმედი შეზღუდვები გახანგრძლივდა. კერძოდ, კულტურული, გასართობი და დასასვენებელი დაწესებულებები დახურული რჩება მინიმუმ 7 თებერვლამდე. სავაჭრო ობიექტების მხოლოდ განსაზღვრულ კატეგორია აგრძელებს მუშაობას.  კომენდანტის საათის მოქმედება ძალაში რჩება, განიხილება შემსუბუქება და უქმე დღეებში დატოვება.

25 იანვრის ცნობით, გასული უქმე დღეების განმავლობაში მოქმედი კომენდანტის საათის დარღვევისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 009 პირი დაჯარიმდა

ნიდერლანდებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების მიუხედავად, პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეგულაციების გამკაცრებას, კოვიდის ახალი შტამების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, ნიდერლანდებში, პირველად ამოქმედდა კომენდანტის საათი, რომელიც ძალაშია 23 იანვრიდან 9 თებერვლამდე. საღამოს 9 სთ-დან დილის 5-ის ნახევრამდე, იკრძალება საცხოვრებელი სახლის დატოვება. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისი სამსახურიც მოითხოვს დროის ამ შუალედში გადაადგილებას. პრემიერის განცხადებით, ამ შეზღუდვის დაწესების საჭიროება ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ და ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელების საშიშროებამ.

23 იანვარს, კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფი შეიკრიბა ამსტერდამში კოვიდ-რეგულაციების გასაპროტესტებლად. დემონსტრანტებმა ფოიერვერკებიც ესროლეს სამედიცინო და პოლიციის შენობებს. პოლიციის განცხადებით, მათ მომიტინგეები ძალადობისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააკავეს. მათივე განცხადებით, დემონსტრანტების ქმედება იყო სრულიად მიუღებელი და უკანონო, არა მხოლოდ პოლიციის, არამედ იმ მედიკოსების მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან კოვიდთან ბრძოლაში

ასევე 25 იანვარს, ეინდჰოვენში COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული ზომების წინააღმდეგ გამოსულმა მომიტინგეებმა ქალაქში ცეცხლი გააჩინეს. პოლიციას ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოუხდა. აქციები სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, 38 პოლიციელი ინფიცირებულია კორონავირუსით. მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ შენობაში და მის გარეთ დიდი რაოდენობით ადამიანების მობილიზება, რომელთაც არ ეკეთათ პირბადე, არ იცავდნენ დისტანციას, ყვიროდნენ და ერთმანეთს ფიზიკურად ეხებოდნენ იწვევს მორიგ ეპიდაფეთქებას ქვეყანაში.

24 იანვარს იერუსალიმის გარეუბან ბნეი ბრაქსა და ქალაქ აშდოდში რელიგიური სკოლების  დაკეტვით უკმაყოფილო, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოწინააღმდეგე ულტრაორთოდოქს ხასიდებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. იერუსალიმში პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. პოლიციამ 4 პირი დააკავა.

ისრაელში, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მიიღეს გადაწყვეტილება აკრძალონ ქვეყანაში შესვლა და ქვეყნის დატოვება. ხელისუფლება წააწყდა არაერთ წინააღმდეგობას კოვიდ რეგულაციების, მათ შორის, სოციალური დისტანციის დაცვის მიმართულებით. ქვეყანაში ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია.

ლონდონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, პოლიციამ დაშალა მუსიკალური წვეულება, რომელსაც 300-მდე ადამიანი ესწრებოდა. მათმა ნაწილმა გაქცევა მოახერხა, თუმცა, პოლიციამ 78 მონაწილეს გამოუწერა 200 ფუნტიანი ჯარიმა კოვიდ რეგულაციების დარღვევისა და არაკანონიერ შეკრებაზე დასწრების გამო. „ჩვენი ოფიცრები იძულებულნი იყვნენ, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გამკლავებოდნენ ამ ხალხმრავალ შეკრებას, რომელსაც ესწრებოდნენ უპასუხისმგებლო ადამიანები, კოვიდრეგულაციების ყველანაირი წესების დარღვევით. პოლიციელები განაგრძობენ ქვეყნისთვის ამ რთულ დროს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ზრუნვას, თუმცა, მიუღებელია, როდესაც მათ უწევთ სრულიად არასაჭირო რისკზე წასვლა, თავიანთი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის ფასად“, – ვკითხულობთ პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში.

ასევე, კოვიდრეგულაციების დარღვევით გახსნილი ღამის კლუბი დახურა პოლიციამ აშშ-ში. მასაჩუსეტში, პოლიციამ დაშალა „არალეგალური ღამის კლუბი“, რომელიც მოწყობილი იყო საცხოვრებელი სახლის სარდაფში, ბარითა და მომსახურე პერსონალით. პოლიციაში შევიდა მეზობლების შეტყობინება, რომლებიც ჩიოდნენ ხმაურის გამო და საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, პოლიციელებმა მიაგნეს არალეგალურ კლუბს, სადაც 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა. აღიძრა საქმე და მიმდინარეობს გამოძიება კოვიდრეგულაციების მრავალმხრივი დარღვევისათვის. „ეს არის სრულიად სულელური და უპასუხისმგებლო საქციელი. შესაძლოა, სწორედ ეს ადამიანები არიან კორონავირუსის ინფექციის გამავრცელებლები, რაც შემდგომში განაპირობებს იმ ეპიდ სიტუაციას, რის შესახებაც ჩვენ მუდმივად გვესმის“, – აცხადებს პოლიციის ოფიცერი.

გერმანია კორონავირუსისა და მისი ახალი შტამის გავრცელების შესაჩერებლად სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს. უსაფრთხოების ზომები უკვე გაძლიერდა აეროპორტებში. პოლიციას მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასული მგზავრების დეტალური კონტროლი დაევალა. კოვიდუარყოფითი ტესტის წარდგენის გარდა, მგზავრები შემოწმებას თვითმფრინავის ბორტზევე გაივლიან. აღსანიშნავია, რომ გერმანია პირველი ქვეყანა გახდება ევროკავშირში, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ ანტისხეულებს გამოიყენებს.

ბელგიაში, 22 დეკემბრისა და 3 იანვრის შუალედში, პოლიციამ გამოწერა 8 400 ჯარიმა, კოვიდ რეგულაციების დარღვევის გამო. მათი დიდი ნაწილი მოიცავს გადაადგილებაზე დაუმორჩილებლობას, კომენდანტის საათის წესების დარღვევასა და კოვიდ წესების დარღვევით წვეულებების ორგანიზებასა და დასწრებას. ინფორმაციისთვის, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევა ჯარიმდება 250 ევროთი, წვეულებაზე დასწრება 750 ევროთი, ხოლო წვეულების ორგანიზებისთვის ჯარიმა შეადგენს 4 000 ევროს.

იტალიის ჯანდაცვის ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ იმ შემთხვევაში თუ ვაქცინის მიწოდება მალე არ გაუმჯობესდა, იტალიას ვაქცინაციის სტრატეგიის გადახედვა მოიწევს.

ირლანდიის ტრანსპორტის მინისტრის, ეამონ რაიანის განცხადებით, მთავრობამ უფრო მკაცრი სამოგზაურო რეგულაციები უნდა დააწესოს, ვინაიდან ირლანდიაში კორონავირუსის ახალი შტამი უკვე ვრცელდება. მინისტრის განცხადებით, აუცილებელია შეიზღუდოს ფრენების რაოდენობა და ვიზიტორებისთვის კარანტინის გავლა სავალდებულო გახდეს.

ირლანდიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 2 კვირაში 18%-ით შემცირდა. თუმცა, ეპიდემიოლოგების აზრით, აღნიშული დინამიკის შენარჩუნება ქვეყნისთვის რთული იქნება იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა საზღვარგარეთიდან ვიზიტორებს გამკაცრებული შეზღუდვების გარეშე მიიღებს; ირლანდიის მთავრობა კარანტინის ახალი რეგულაციების მიღების საკითხს განიხილავს. ამ ინიციატივის თანახმად, ქვეყანაში შესვლისას მგზავრებმა შესაძლოა სავალდებულო კარანტინის თანხები თავად დაფარონ.

23 იანვრიდან, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოსა და ქვეყნის აღმოსავლეთ მხარეში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა, რადგან კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი ამ მხარეში სწრაფად გავრცელდა. შეზღუდვები ყველა არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაღაზიის დახურვას, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასა და მოსახლეობისთვის არასაჭირო გადაადგილების შემცირების რეკომენდაციას გულისხმობს.

25 იანვრიდან, ნორვეგიაში ე.წ. წითელი ზონიდან ჩასულმა მგზავრებმა კორონავირუსის ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ, რომელიც გამგზავრებამდე 24 საათით ადრე იქნება ჩატარებული.

24 იანვრიდან შვედეთმა ნორვეგიასთან საზღვარი დაკეტა. ამის მიზეზად ნორვეგიაში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელება დასახელდა.

25 იანვარს, ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, სახელმწიფო საზღვარზე რეგულაციები მკაცრდება. ქვეყანაში შესულმა მგზავრებმა, კორონავირუსზე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ. შეზღუდვა ევროკავშირის ქვეყნებიდან შესულ მოქალაქეებზეც ვრცელდება.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ვარაუდობენ, რომ 2021 წლის მაისამდე კორონავირუსს კიდევ 168 ათასი ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლება. ამ დროისათვის, მინიმუმ 40 შტატში იქნება ექსტრემალური დაწოლა ჯანდაცვის სექტორზე და საწოლფონზე, განსაკუთრებით და 46 შტატში, საავადმყოფოებში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების რაოდენობა იქნება ძალიან მცირე. თუმცა, მეცნიერები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ თუ პირბადეების ტარებას ადამიანები სერიოზულად მიუდგებიან და დაიცავენ რეგულაციებს, იმავე პერიოდში, ანუ მაისამდე, 22 ათასი სიცოცხლის შენარჩუნება იქნება შესაძლებელი.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის კომისრის განცხადებით, ქალაქს არ გააჩნია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საკმარისი დოზა მოსახლეობის ასაცრელად. მისივე განცხადებით, ვაქცინის ის რაოდენობა, რაც მათ ამჟამად გააჩნიათ, საკმარისია მხოლოდ მომდევნო 24/48 საათისთვის, თუმცა, შესაბამისი მოწოდების პირობებში, მათ შეუძლიათ კიდევ უფრო მეტი ადამიანი აცრან. უფრო მეტიც, გასულ კვირას ნიუ-იორკში მოუწიათ დაახლოვებით 22 ათასი ვიზიტის გაუქმება, ვაქცინის დოზების არარსებობის გამო.

25 იანვარს რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 19 290 და გარდაცვალების 456 ფაქტი გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები