ლია მუხაშავრია – სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობით, თუ ჩვენი ქვეყანა მოინდომებს, შეუძლია, დეოკუპაციასაც მიაღწიოს
“ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობით, თუ ჩვენი ქვეყანა მოინდომებს, შეუძლია დეოკუპაციასაც მიაღწიოს”, – ამის შესახებ იურისტმა ლია მუხაშავრიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ევროსასამართლო ყოველთვის გვერდს უვლიდა ომის საკითხების განხილვას. პირველად განიხილა ეს საკითხი და მიიღო ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
,,ჩვენ ომი მოვუგეთ რუსეთს იმით, რომ ევროსასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობით, თუ ჩვენი ქვეყანა მოინდომებს, შეუძლია დეოკუპაციასაც მიაღწიოს. უდიდესი სამართლებრივად დასაბუთებული დოკუმენტია, დიდი პალატის პრეცედენტული გადაწყვეტილება.
სხვათა შორის, ევროსასამართლო ყოველთვის გვერდს უვლიდა ომის საკითხების განხილვას. პირველად განიხილა ეს საკითხი და მიიღო ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. საერთოდ, ვფიქრობ 21-ე საუკუნეში ბევრი რამ იცვლება. ომს, აგრესიას, რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას ცივილიზებულმა საზოგადოებამ დაუპირისპირა სამართლებრივი დოკუმენტი, სასამართლო და მართლმსაჯულება. მგონი, ეს ყველაზე კარგი ხერხია, დაამარცხო ასეთი აგრესორი. პირველად ისტორიაში პატარა ქვეყანამ უზარმაზარ იმპერიას მოუგო ომის საქმე, დაამტკიცა, რომ ომის მსხვერპლია და რუსეთმა დაარღვია ბევრი ფუნდამენტური უფლება, რომლებიც გარანტირებულია ევროკონვენციით. სწორედ ეს თქვა ევროსასამართლოს დიდმა პალატამ.
როცა ჩვენ გავასაჩივრეთ აგვისტოს ომის საქმე, იჩივლა არა მარტო ჩვენმა სახელმწიფომ, არამედ შევიდა დაახლოებით 900-მდე ინდივიდუალური საჩივარი. მარტო ჩემმა ორგანიზაციამ 29 საქმე გაასაჩივრა, რომლებზეც 100-ზე მეტი მომჩივანია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ევროსასამართლოს ეს საქმეები განეხილა. გარდა ევროსასამართლოსი, აგვისტოს ომი გასაჩივრებულია ჰააგას მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, ე.წ. გაეროს სასამართლოში, სადაც ჩვენ ვუჩივით რუსეთს და რუსეთიც გვიჩივის. საქმე გასაჩივრებულია ჰააგის ტრიბუნალშიც. დიდი ინტერესით ვაკვირდებოდით, პირველად რომელი სასამართლო გადაწყვეტდა ამ საკითხს. არ მოველოდი, რომ ეს იქნებოდა ევროპული სასამართლო, მეგონა, ჰააგის ტრიბუნალს უფრო ადრე შეეძლო გამოძიების დასრულება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. მერე უფრო ადვილი იქნებოდა ამ დარღვევების სახელმწიფოზე განვრცობა, მაგრამ პირიქით მოხდა, თუმცა, გასაგებია, რატომ – ევროსასამართლომ დაადგინა ძალიან სერიოზული ფუნდამენტური უფლებების დარღვევა ევროკონვენციის საწინააღმდეგოდ.
ახლა ამ გადაწყვეტილებით შეიარაღებულ ჩვენს მთავრობას, ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობასა და ჩვენს მეგობრებს ერთად შეგვიძლია გავაგრძელოთ თანამიმდევრული საქმიანობა და ამჯერად მოვითხოვოთ, აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა.
ჩემთვის ეს ნიშნავს დევნილების სახლებში დაბრუნებას, მათი საკუთრების უფლების დარღვევის გამო კომპენსაციას, იქ მათი მშვიდობიანად ცხოვრების უფლების დაცვას და ამისთვის გარანტიების შექმნას. აღარ უნდა გაიტაცონ ჩვენი მოქალაქეები, უნდა შეწყდეს უკანონო დაპატიმრება, რაც ნიშნავს იმასაც, რომ ეს არ იყოს მხოლოდ დევნილების დაბრუნება, არამედ იყოს იურისდიქციის აღდგენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე,”- განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, ჩვენმა ხელისუფლება, უნდა მოითხოვოს ამ გადაწყვეტილების იმგვარად აღსრულება, რომ თავდაპირველი მდგომარეობა აღდგეს.
,,ჩვენი ხელისუფლება უნდა გააქტიურდეს და ამ გადაწყვეტილებით შეიარაღებულმა ევროპის საბჭოსა და მისი მინისტრთა კომიტეტის მეშვეობით, რომელიც არის ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების სააღსრულებო ორგანო, მოითხოვოს ამ გადაწყვეტილების იმგვარად აღსრულება, რომ მოხერხდეს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა. ეს შესაძლებელია ძალიან ბევრი როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თუ სოციალური საშუალებით და ამ პროცესში უმთავრესი იქნება სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი დადგენილების აღსრულება. ახლა უნდა დაველოდოთ, როგორ წარიმართება მინისტრთა კომიტეტის გამოსვლა სააღსრულებო დოკუმენტთან დაკავშირებით, რა ჩაიწერება მასში და კონკრეტულად რა დაევალება რუსეთის ფედერაციას; როგორი იქნება მოლაპარაკებების შედეგად საკომპენსაციო თანხა, რომელიც გადაწყვეტილეაბის საფუძველზე უნდა გადაიხადოს რუსულმა მხარემ; მერე ეს კომპენსაცია როგორ უნდა გაუნაწილდეს იმ ადამიანებს, ვისაც უდიდესი ზიანი მიადგა როგორც სიცოცხლის უფლების დარღვევით, ისე წამების, უკანონო პატიმრობისა და ტყვეობის შედეგად საკუთრების უფლების დარღვევით. ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ აქვს ძალიან მყარი სათავე და ეს მისასალმებელია,”- განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
21 იანვარს ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი 12 წლის წინ შევიდა. საქართველოს საჩივარში ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაზე იყო ლაპარაკი, კერძოდ, სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი) და მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).
ევროპულმა სასამართლომ ექვსი მუხლის დარღვევა აღიარა. რაც შეეხება განათლების უფლებასა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების არარსებობას, სასამართლომ აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულება განათლების უფლების დარღვევის დადგენისთვის. ასევე სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა ცალკე ემსჯელა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევაზე. ეს მუხლი ითვალისწინებს, რომ პირს, რომელსაც ერღვევა უფლება, ჰქონდეს ამ უფლების დარღვევის შეფასების და სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. რაც შეეხება სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხს (კონვენციის 41-ე მუხლი), ევროპულმა სასამართლომ ამ საკითხის განხილვა ერთი წლით გადადო და ამ ვადაში მხარეებს – საქართველოსა და რუსეთს მორიგების საშუალება მისცა.