“რა თქვა სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე” – საია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) (no. 38263/08), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ დარღვევებს შეეხება.
საქმის ფაქტობრივი გარემოებები:
2008 წლის რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში, რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად საქართველოს არაერთი მოქალაქე დაზარალდა. ასობით ადამიანი დაშავდა ან გარდაიცვალა ომის დროს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დაბომბვისადა სროლების შედეგად. ასევე ხშირი იყო მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელება. ათასობით მოქალაქის ქონება გაიძარცვა და განადგურდა, შედეგად მოქალაქეებმა დაკარგეს წვდომა საკუთრებაზე. ამასთან, 300 000 ადამიანზე მეტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიები.
წარდგენილ საჩივარში საქართველო ამტკიცებდა, რომ რუსეთმა ადმინისტრაციული პრაქტიკის სახით, რუსულ შეიარაღებულ ძალებს და მათ კონტროლქვეშ მოქმედ სეპარატისტულ ძალებს ხელი შეუწყო/ნება დართო, განეხორციელებინათ განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის და მათი ქონების წინააღმდეგ.
საჩივარი ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევას შეეხებოდა, კერძოდ, სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).
2008 წლის 11 აგვისტოს საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, ხოლო სახელმწიფომ სრული საჩივარი 2009 წლის 6 თებერვალს წარადგინა.
ევროპული სასამართლოს ძირითადი არგუმენტები 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე
2008 წლის 12 აგვისტოდან, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ (ოკუპაციის ფაზა)მომხდარ მოვლენებზე რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია ვრცელდებოდა – სასამართლოს განმარტებით, რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და ე.წ. „ბუფერულ ზონაზე“ 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსული სამხედრო ძალების ოფიციალურ გაყვანამდე. ამ პერიოდის შემდეგ რუსული სამხედრო ძალების ყოფნა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიების ხელისუფლების დაქვემდებარება რუსეთზე,მიუთითებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე ეფექტიანი კონტროლის არსებობას. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მომხდარი მოვლენები ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ფარგლებში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის.
ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა ევროპული კონვენციის მე-2, მე-8 და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლების საწინააღმდეგოდ – სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობას კონვენციის მე-2, მე-8 და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლების საწინააღმდეგოდ. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო პირების მკვლელობა, ქართულ სოფლებში სახლების გადაწვა და გაძარცვა ადმინისტრაციულ პრაქტიკას წარმოადგენდა, რაც გულისხმობდა მსგავსი ქმედებების განმეორებით ჩადენას და რუსეთის ოფიციალურ შემწყნარებლობას ამ აქტების მიმართ. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მსხვერპლების მიმართ ჩადენილი ქმედებები, მათი სერიოზულობის გათვალისწინებით,კვალიფიცირდება როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და აღნიშნული პირები ამ ქმედებას დაექვემდებარნენ მათი ეთნიკურობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის და საკუთრების უფლების დარღვევა.
სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ სამოქალაქო ტყვეები დაკავებულ იქნენ უკანონოდ და მათ მიმართ განხორციელდა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრებოდა – სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს 160 მოქალაქე, რომელთა უმრავლესობაც იყო ასაკოვანი და მათი ერთი მესამედი იყო ქალი, სამხრეთ ოსეთის ძალებმა დააკავეს და ჰყავდათ პატიმრობაში სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის სარდაფში ქალაქ ცხინვალში 2008 წლის 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში. სასამართლოს განმარტებით, მართალია, რუსეთის სამხედრო ძალების პირდაპირი ჩართულობა სამოქალაქო პირების დაკავებაში ცხადად არ დასტურდებოდა, თუმცა, ამ პირთა დაკავება შეერაცხება რუსეთის ფედერაციას იმის საფუძველზე, რომ რუსეთი იყო პასუხისმგებელი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებზეც და მათ არ მიიღეს სათანადო ზომები არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა რუსეთის ფედერაციის არგუმენტი, რომ სამოქალაქო პირთა დატყვევება ხორციელდებოდა მათივე უსაფრთხოების მიზნით. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულებისთვის არ ხდებოდა დაკავების მიზეზების განმარტება. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა და წამების აკრძალვის და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა სამოქალაქო პირების ნაწილში.
2008 წლის 8-17 აგვისტოს პერიოდში დაკავებული სამხედრო ტყვეები დაექვემდებარნენ წამებას, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრებოდა – ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა უტოლდებოდა წამებას და აღნიშნული დარღვევები ადმინისტრაციულ პრაქტიკას წარმოადგენდა. სასამართლოს განმარტებით, ქართველ სამხედრო ტყვეთა წამებაში რუსეთის შეიარაღებული ძალების პირდაპირი მონაწილეობა არ იკვეთებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ტყვეები მოქცეულნი იყვნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ. შესაბამისად, რუსეთს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთის ძალების ქმედებაზე და ამასთან, მათ არ მიიღეს შესაბამისი ზომები არასათანადო მოპყრობის აღსაკვეთად. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა წამების აკრძალვის დარღვევა სამხედრო ტყვეებთან მიმართებით.
რუსეთმა მოქალაქეების მიმართ მიმოსვლის თავისუფლების უფლება დაარღვია – სასამართლოს განმარტებით, მის ხელთ არსებული ინფორმაცია ადასტურებდა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება არ აძლევდა ეთნიკურ ქართველებს სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ტერიტორიების დე-ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, როგორც ამ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, კონვენციით ეკისრებოდა ვალდებულება მოსახლეობისთვის მათ სახლებში დაბრუნების უფლება მიეცა კონვენციის მე-2 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის საწინააღმდეგოდ.
კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა რუსეთის მიერ – სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც მოპასუხე სახელმწიფომ, სასამართლოს არ წარუდგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მათ შორის საბრძოლო ანგარიშები, რის გამოც მან ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება – საქმის გარემოებათა დასადგენად უზრუნველეყო სასამართლო ყველა აუცილებელი საშუალებით.
ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობა სიცოცხლის უფლების ჭრილში – სასამართლომ აღნიშნა, რომ რუსეთს ჰქონდა ვალდებულება, გამოეძიებინა, არა მარტო, ის მოვლენები, რომლებიც განხორციელდა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, არამედ, ასევე, ის მოვლენები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს მოხდა. თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციამ არ ჩაატარა ეფექტიანი და ადექვატური გამოძიება კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ.
საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს მომხდარ მოვლენებზე (2008 წლის 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე) რუსეთის ფედერაციას არ ჰქონდა იურისდიქცია ევროპული კონვენციის 1 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე – სასამართლოს განმარტებით, შეიარაღებული დაპირისპირება და საბრძოლო მოქმედებები მხარეთა სამხედრო ძალებს შორის, რომელთა მიზანს ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება წარმოადგენდა, მიმდინარეობდა ქაოსის ფარგლებში, რაც იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე კონტროლის არარსებობას ნიშნავდა და ასევე გამორიცხავდა სახელმწიფო წარმომადგენლის უფლებამოსილებას და კონტროლს ინდივიდებზე. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის დროს (8-12 აგვისტო) მომხდარი მოვლენები არ ექცეოდა რუსეთის იურისდიქციის ფარგლებში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის. განათლების უფლება და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების არარსებობა – სასამართლომ აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები განათლების უფლების დარღვევის დადგენისთვის. სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა ცალკე ემსჯელა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევაზე. სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი (კონვენციის 41-ე მუხლი) – ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული საკითხის განხილვა ერთი წლის ვადით გადადო და ამ ვადაში მხარეებს – საქართველოსა და რუსეთს კომპენსაციის ირგვლივ მორიგების საშუალება მისცა. საია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე ასევე იცავს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 350-ზე მეტ დაზარალებულ ადამიანს. საიას ჯამში 53 საჩივარი აქვს წარდგენილი, რომელიც ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სხვადასხვა უფლებების დარღვევას შეეხება. საიას მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა სასამართლოს მიერ უახლოეს პერიოდში დაიწყება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.