უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა უახლოეს 7-10 დღეში ცეცხლის შეწყვეტის გეგმას შეიმუშავებს.
„ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტულ დოკუმენტზე, რომელიც მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებსა და მექანიზმებს, რათა შესაძლებელი გახდეს ცეცხლის სრულფასოვანი შეწყვეტა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმაში იქნება რამდენიმე მოკლე პუნქტი”,- განაცხადა ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, გეგმის მიზანია, შეიქმნას პირობები მშვიდობისკენ მიმართულ საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის. უკრაინის ხელისუფლება ამ პროცესში დასავლელ პარტნიორებთან აქტიურ კონსულტაციებს ატარებს.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეთანხმება „უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემის ფარგლებში უნდა განხორციელდეს“.