ჭიათურაში სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა 2025“ გაიმართა

ჭიათურაში სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა 2025“ გაიმართა. ინფორმაციას ჭიათურის მერია ავრცელებს.

,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ ჭიათურის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ტრადიციული სახალხო დღესასწაულის „ჭიათურობა 2025“-ის ფარგლებში გაიმართა, მერმა საპატიო მოქალაქეების ტიტულის მფლობელებს მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
2025 წელს ჭიათურის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:
პაატა კვიჟინაძე – საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის წევრი, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების დელეგატი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე;
ილო ლაბაძე – სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკი;
თინა ბიწაძე – ღვაწლმოსილი ჟურნალისტი;
მარინა ფიფია – ექიმი მეან-გინეკოლოგი;
კუკური მოდებაძე – ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის შუქის მხატვარი.
საპატიო მოქალაქის დაჯილდოებასთან ერთად, „ჭიათურობა 2025“ მრავალფეროვანი კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. მოეწყო შემეცნებით-გასართობი და საგამოფენო სივრცეები, პერფორმანსები, თეატრალიზებული წარმოდგენები, კულტურული და სპორტული აქტივობები.
სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა კონცერტით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლები და მუსიკალური ჯგუფი „ურსა“ მონაწილეობდნენ. ასევე გაიმართა დავით არჩვაძის ახალი მუსიკალური ნაწარმოების პრემიერა, რომელიც მერაბ სამყურაშვილმა და ანსამბლმა „ჩანგმა“ შეასრულეს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები