“ისრაელი არ დაუშვებს ღაზაში, თურქეთის სამხედროების ყოფნას” – საგარეო საქმეთა მინისტრი
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ისრაელი კატეგორიულად ეწინააღმდეგება თურქეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობას ღაზაში, შესაძლო საერთაშორისო სტაბილიზაციის მისიის ფარგლებში.
საარის თქმით, იერუსალიმმა ამ პოზიციის შესახებ უკვე აცნობა შეერთებულ შტატებსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ „ისრაელისთვის მიუღებელია თურქეთის სამხედროების ყოფნა ღაზაში“, რაც, მისივე თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარეობს.
აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთი ნაწილი საერთაშორისო მრავალეროვნული ძალების შექმნას ეხება, რომლებიც “ჰამასის” გავლენის შემცირებისა და რეგიონის სტაბილიზაციის მიზნით შეიძლება ღაზის სექტორში განთავსდნენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთმა გასულ კვირას გამოთქვა მზადყოფნა, გახდეს აღნიშნულ მისიაში მონაწილე ქვეყანა. თუმცა, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ისრაელი თავად განსაზღვრავს, რომელი ქვეყნები შეძლებენ გაღაზაში შესვლას: „ჩვენ არ მივცემთ უფლებას არავის, ვინც მტრულადაა განწყობილი ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, სამხედრო კონტიგენტი განალაგოს ჩვენ საზღვრებთან“.