“ბრალდების მხარისთვის თორნიკე რიჟვაძის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია უცნობია. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი დაკითხვა ამ ეტაპზე არ მომხდარა”, – ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის საქმის პროკურორმა – ნუგზარ ჭიტაძემ განაცხადა.
როგორც პროკურორმა განმარტა,
დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყო ალექსი ახვლედიანის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
“ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოვთქვით, ასევე, წარმოდგენილი გვყავდა ერთი მოწმე გამომძიებელი დასაკითხად, თუმცა, დაცვის მხარემ აღნიშნული მოწმე უდავოდ მიიჩნია. ბრალდების მხარე გამოიკვლევს ყველა მტკიცებულებას და სასამართლო დარწმუნდება, რომ ალექსი ახვლედიანმა ცეცხლსასროლის დაუდევრად შენახვა განახორციელა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მიღებული გვაქვს სხვადასხვა სახის ექსპერტიზის დასკვნები, მისაღებია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა”, – განაცხადა ნუგზარ ჭიტაძემ.
ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
ცალკე გამოყოფილია ალექსი ახვლედიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან სწორედ მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა – ახვლედიანს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.