შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი: ქართულთან ერთად, აფხაზური ენა კონსტიტუციითაა დაცული და ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მის დაცვას, კვლევასა და განვითარებაზე ზრუნვას
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აფხაზური ენის დღეს ულოცავს სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით კი ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოში მცხოვრები აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებს, ვისთვისაც აფხაზური ენა, კულტურა და ტრადიციები ეროვნული იდენტობის სიმბოლოს და განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, საქართველოს უნიკალურ კულტურულ სივრცეში, აფხაზურ ენას, ტრადიციებსა და თვითმყოფადობას ორგანული ადგილი უკავია, როგორც ჩვენი ეროვნული სიმდიდრის განუყოფელ ნაწილს, უმნიშვნელოვანეს ღირებულებასა და ქართულ-აფხაზური ისტორიული ერთობის თვალსაჩინო სიმბოლოს.
„მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის განხორციელების შედეგად, აფხაზეთის რეგიონში აფხაზური ენის სიცოცხლისუნარიანობა და კულტურული თვითმყოფადობა გაქრობის სერიოზული საფრთხის წინაშეა. არსებული რეალობის გათვალისწინებით, აფხაზური ენის გადარჩენისა და შემდგომი განვითარებისთვის, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობა, ერთობლივი და კონსოლიდირებული ძალისხმევა.
ქართულთან ერთად, აფხაზური ენა კონსტიტუციით არის დაცული და საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მის დაცვას, კვლევას და განვითარებაზე ზრუნვას, ისევე როგორც პოპულარიზაციასა და მომავალი თაობებისთვის ღირსეულად გადაცემას. ამავდროულად, აფხაზური ენა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად განიხილება სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზით დროებით დაშორებული აფხაზური საზოგადოების წევრებთან ისტორიულად დამკვიდრებული, ჰარმონიული, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დამყარებული თანაცხოვრებისა და კულტურული კავშირების აღსადგენად ერთიან საქართველოში“, – აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.