27 ოქტომბერს საქართველოში აფხაზური ენის დღე აღინიშნება
27 ოქტომბერს საქართველოში აფხაზური ენის დღე აღინიშნება. ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციით აფხაზურ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული, ამდენად, მის დაცვაზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალია.
,,საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზური და აფხაზეთის შესახებ ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სრულყოფილი ფონდი ინახება. აქ არის ლათინური, ქართული და რუსული ანბანით დაბეჭდილი აფხაზურენოვანი წიგნები, როგორც მხატვრული ლიტერატურა, ისე სახელმძღვანელოები – გამოცემები, რომლებიც ყველაზე თვალსაჩინოდ ასახავს ამ ენისა და მისი დამწერლობის განვითარების ეტაპებს.
1912 წელს გამოცემული დიმიტრი გულიას პოეზიის კრებული, დიმიტრი გულიას მიერ აფხაზურად თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“, 1937 წელს გამოცემული ლოპე დე ვეგას „ლაურენსია“, 1950-იან წლებში გამოცემული აფხაზური ენის სახელმძღვანელოები, აფხაზურად თარგმნილი გურამ ოდიშარიას “პრეზიდენტის კატა” – ეს არის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული აფხაზურენოვანი გამოცემების მცირე ჩამონათვალი.
2015-2016 სასწავლო წლიდან აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში აფხაზური ენა არჩევითი საგნის სახით ისწავლება.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ლიტერატურა მკვლევრებისთვის და აფხაზური ენის შესწავლით დაინტერესებულ პირთათვის მნიშვნელოვანი ფონდია”, – წერია ინფორმაციაში.