მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება –  ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 92 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 92 მილიონს გადააჭარბა. მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 1.97 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 65.8 მილიონს მიაღწია. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 24 217 506 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ოქსფორდის უნივერსიტეტმა მიმართა ევროკავშირს AstraZeneca-ს ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭებისთვის.  როგორც ცნობილია, ევროპის წამლის სააგენტო (EMA) შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს საკითხს და, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი იმუშავებს, რათა ხელმისაწვდომი გახადოს ვაქცინა წევრი ქვეყნებისთვის. სავარაუდოდ, AstraZeneca-ს ვაქცინა ავტორიზაციას მიიღებს 29 იანვარს. ცნობისთვის, აღნიშნულ ვაქცინას გამოარჩევს შენახვის პირობების სიმარტივე, იგი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. გაერთიანებულ სამეფოში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებით მოქალაქეების ვაქცინაცია უკვე დაიწყო. AstraZeneca-ს ვაქცინა უკვე შეუკვეთა საფრანგეთმაც. “ბრიტანელი მეცნიერების ტრიუმფი” – ასე შეაფასა ბორის ჯონსონმა დიდ ბრიტანეთში ახალი ვაქცინის – „ასტრაზენეკა“ დამტკიცება. ვაქცინაზე ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობდნენ.

აშშ-ში ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ კაპიტოლიუმში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, ახალი ეპიდაფეთქება გამოიწვიოს, რისი ვარაუდსაც რამდენიმე ფაქტი ამყარებს.  პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ  ათასობით შეკრებილ ადამიანს არ ეკეთა პირბადე, შემდეგ ისინი გადაადგილდნენ სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის მასშტაბით.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მომიტინგეების შეჭრის შემდეგ კანონმდებლების ნაწილმა, რომელიც იმ დროს ადგილზე იმყოფებოდა, ერთ ოთახში მოიყარა თავი. ერთ სივრცეში მოუწიათ გარკვეული დროის გატარება კაპიტოლიუმის თანამშრომლებს, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს, რომლთა ნაწილიც ადგილზე პირბადეების გარეშე იმყოფებოდა. მოგვიანებით,  დემოკრატების ორი წარმომადგენელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომლებიც  იმ პირებს ადანაშაულებენ, რომლებმაც ერთ სივრცეში ყოფნისას  არ გაითვალისწინეს ელემენტარული წესები და უარი განაცხადეს პირბადის ტარებაზე.

ვაშინგტონის მერის განცხადებით, 22 იანვრის ჩათვლით აკრძალული იქნება რესტორანში ადგილზე მომსახურება და დაკეტილი იქნება მუზეუმები. თავდაპირველი განცხადების მიხედვით, შეზღუდვა, რომელიც ინტერვენციულ ხასიათს ატარებდა, უნდა მოხსნილიყო 15 იანვარს, თუმცა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო შეზღუდვების გახანგრძლივება.

აშშ-ის ყველა შტატში კორონავირუსის გავრცელების დინამიკის ზრდა შეინიშნება.  აშშ-ში კორონავირუსს ერთ დღეში 4 327 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც რეკორდული მაჩვენებელია,  გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 215 805 შემთხვევა გამოვლინდა.

აშშ-ში, ჯორჯიადან კალიფორნიამდე საავადმყოფოები გადატვირთულია კოვიდინფიცირებულებით. მაჩვენებელი განსაკუთრებით გაიზარდა დღესასწაულების შემდეგ. საავადმყოფოებში არაა საკმარისი  ექიმების რაოდენობა და ქვეყნის ოთხ შტატში: კალიფორნიაში, არიზონაში, ნევადასა და ჯორჯიაში ცდილობენ გაუმკლავდნენ პაციენტების დრამატულად გაზრდილ რაოდენობას. განსაკუთრებით მძიმეა სიტუაცია კალიფორნიაში, სადაც საავადმყოფოებს მისცეს დავალება, წარადგინონ გეგმა, თუ როგორ აპირებენ გაზრდილი პაციენტებისა და შეზღუდული ადამიანური რესურსების პირობებში მართონ პანდემია. ლოს ანჯელესის საავადმყოფოებში მიმდინარეობს მზადება ე.წ. კრიზისულ რეჟიმზე გადასასვლელად და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს უკვე მიეცათ მითითება, საავადმყოფოში არ მიიყვანონ პაციენტები, რომელთაც გადარჩენის ძალიან დაბალი შანსი აქვთ. ერთ სულ მოსახლეზე ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არიზონაშია, ხოლო ჯორჯიის შტატის ორ საავადმყოფოს, დაქტობრივად,  ამოწურული აქვს ინტენსიური თერაპიის განყოფილებების შესაძლებლობები. ექიმებისა და ეპიდემიოლოგების განცხადებით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში თვალსაჩინო გახდება, თუ როგორ იცავდნენ რეგულაციებს ამერიკელები და, შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება საერთო ეპიდემიოლოგიურ სურათზე. რაც შეეხება საერთო ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, უკვე შვიდი დღეა, აშშ-ში, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 200 ათასზე მეტია და 40 დღის განმავლობაში ყოველდღიურად, ჰოსპიტალიზებას საჭიროებს 100 ათასზე მეტი ადამიანი.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეტ ჰენკოკმა განაცხადა, რომ შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ რამდენ ხანს იმოქმედებს კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები.  „შეზღუდვებს მანამ შევინარჩუნებთ, სანამ ეს საჭირო იქნება“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ინგლისში უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა და არსებობს მოლოდინი, რომ ეს მავენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.

არსებული ინფორმაციით, უმუშევარია დაახლოებით 2 მილიონ 200 ათასი ადამიანი. ასევე, დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, არსებობს იმის მოლოდინი, რომ უმუშევრობა კიდევ გაიზრდება და 2021 წელს მიაღწევს 7.5 / 8%-ს.

შოტლანდიის სავაჭრო პალატის წარმომადგენლის განცხადებით, მოსალოდნელია ეკონომიკური სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება მანამ, სანამ ეპიდვითარება დასტაბილურდება და დაიწყება ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი.  ეკონომისტების პროგნოზით, 2021 წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ეკონომიკური ვარდნის გაგრძელება.

დიდი ბრიტანეთის ნაციონალური ჯანდაცვის სერვისის (NHS) წარმომადგენლის განცხადებით, „აშკარაა, რომ ინფიცირების მაჩვენებელი არ დაიკლებს ისე სწრაფად, როგორც ეს კოვიდის პირველი ტალღის დროს მოხდა, რადგან კოვიდის ახალი შტამი ხასიათდება გავრცელების უფრო მაღალი ინტენსივობით.

ინგლისის სტაციონარებში განთავსებული ათასობით პაციენტების სასტუმროებში გაწერა დროზე ადრე ხდება, რათა კოვიდ ინფიცირებულებისთვის საწოლები გამოთავისუფლდეს. საავადმყოფოების დირექტორები პაციენტების დროზე ადრე გაწერას აპირებენ იმ მასშტაბით, რომელიც ისტორიას არც ახსოვს. ეს იმით არის განპირობებული, რომ საჭირო რესურსი გამოთავისუფლდეს ამ საგანგებო ვითარებაში და არ მოხდეს ეროვნული ჯანდაცვის სისტემის სრული ჩამოშლა მაშინ, როდესაც ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ეპიდემიის პიკის მოლოდინი ჰქონდათ იანვრის შუა რიცხვებისთვის, დღევანდელი მონაცემებით,  პიკი შესაძლოა, თებერვალში დაფიქსირდეს, რაც ასევე ნიშნავს ჯანდაცვის სექტორზე მოსალოდნელზე უფრო გრძელვადიან ზეწოლას. შესაბამისად, აუცილებელია, რომ საავადმყოფოები მაქსიმალურად მომზადებულები იყვნენ ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდისთვის. ამასთან, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ფიქრობენ, რომ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რაც გულისხმობს როგორც თავად ჯანდაცვის სექტორის მობილიზებას, ისე პოლიციელების მიერ კოვიდ რეგულაციების დაცვის სისტემატიურად და ზედმიწევნით კონტროლს.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დიდი ბრიტანეთის პოლიცია აქტიურად იყო ჩართული კოვიდრეგულაციების დაცვის მონიტორინგის პროცესში. ასევე, პოლიციის მოვალეობაში შედიოდა საზოგადოებისთვის რეგულაციების გაცნობა და წესების დაცვის წახალისება. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდა, არაერთი ჯგუფი მოუწოდებს მათ, რომ მაღალ დონეზე აკონტროლონ წესების დაცვის პროცესი. ბრიტანეთის პოლიციის უფროსი ოფიცრის განცხადებით, ყველა, ვინც დაარღვევს კოვიდრეგულაციებს, დაჯარიმდება შესაბამისი კანონმდებლობით.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანას წინ ყველაზე მძიმე კვირები ელის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა მოქმედ შეზღუდვებს არ დაემორჩილება, ზომების შემდგომი გამკაცრება გარდაუვალი იქნება.

ირლანდიაში ერთ მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით ინფიცირების 1 323 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნულის მიზეზად, ეპიდემიოლოგები ვირუსის ახალი შტამის გავრცელებას, ახალი წლის დღესასწაულებზე მობილობის გაზრდასა და მომსახურების სექტორის გახსნას ასახელებენ.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყანაში არსებული შეზღუდვები, რომლებიც ძალაში 31 იანვრამდეა, შესაძლოა, დამატებით 8-10 კვირით გახანგრძლივდეს. აღნიშნული ინიციატივა კორონავირუსის ახალი სახეობის სწრაფ გავრცელებას უკავშირდება;

ბოლო 24 საათში იტალიაში COVID-19-ით ინფიცირების 14 242 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვალების კვლავ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი – 616 ფაქტი დაფიქსირდა;

იტალიის პრემიერმინისტრის, ჯუზეპე კონტეს განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიისა და გერმანიის მსგავსად, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა არის მოსალოდნელი და შესაძლებელია, ქვეყანაში ზომები კიდევ უფრო გამკაცრდეს; მთავრობის ახალი დეკრეტის გამოცემამდე, რომლის მიღებაც მიმდინარე კვირას იგეგმება, მინისტრთა კაბინეტმა რეგიონულ ლიდერებთან კონსულტაციები გამართა.

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება.  11 იანვარს ინფიცირების 61 422 დადასტურებული ფაქტი გამოვლინდა, რაც ესპანეთისთვის მორიგი ანტირეკოდრია. დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ესტრემადურას რეგიონში ფიქსირდება და მას ბალეარის კუნძულები და მადრიდი მოსდევს. სტატისტიკის ზრდის შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორი რესურსების ამოწურვის საფრთხის წინაშე დადგება;

პორტუგალიაში კორონავირუსით ინფიცირების 7 259 და გარდაცვალების 155 ფაქტი გამოვლინდა. ეს უკანასკნელი მაჩვენებელი ქვეყანისთვის მორიგი ანტირეკორდია; 11 იანვარს, პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ქვეყნის პრეზიდენტ მარსელუ რებელუ დი სოზას კორონავირუსი დაუდასტურდა. 72 წლის პრეზიდენტი, რომელიც ხელახალი ვადით კენჭს იყრის, სრულიად ასიმპტომურია და იზოლაციაში იმყოფება.

რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 22 934 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში 2021 წლის დასაწყისიდან გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი – 531 ფაქტი გამოვლინდა;

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირების 5 116 ფაქტი გამოვლინდა. გარდაიცვალა 184 პირი;

WHO-ს განცხადებით,  2021 წელს  ჯერ კიდევ არ იქნება შესაძლებელი მსოფლიოს გარშემო ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა, რადგან ბევრი ქვეყნისთვის ვაქცინა ჯერ კიდევ არაა ხელმისაწვდომი, ვირუსი კვლავ განიცდის მუტაციას და ასევე, ხალხის დიდი ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი ვაქცინის მიმართ. ასევე, ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილია აცრილი, რაც უქმნის ბუნებრივ დაბრკოლებას ინფექციის გავრცელებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს, კვლავ აუცილებელი იქნება დისტანციის დაცვა, ხელების დამუშავება და პირბადის ტარება. WHO-ს წარმომადგენელმა საზოგადოებას მოუწოდა მოთმინებისკენ, „ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და მივა ყველა ქვეყანაში, თუმცა, მანამდე არ უნდა დავივიწყოთ, რომ საჭიროა იმ წესების დაცვა, რომელიც ნამდვილად მუშაობს“, – აცხადებენ ისინი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები